აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

„სივრცის დაგეგმარება - საქართველო 2023“ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით თბილისში კონფერენცია „სივრცის დაგეგმარება - საქართველო 2023“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც საქართველოს ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადების და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა, რომელიც არათუ შეაფერხებს, არამედ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისა და ადგილობრივ სპეციალისტების მონაწილეობით მიმდინარე წლის ბოლომდე შეიქმნება დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ასპექტები, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ფენის, უწყების და დარგის ინტერესები.

კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.