აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ანზორ მარგიანი ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტის გახსნას დაესწრო. ბიუსტი ე.წ. „ფრანგულ პარკში“ დაიდგა, სადაც განთავსებულია ეროვნული გმირების მერაბ კოსტავას და გენო ადამიას ბიუსტები, ასევე 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალი.

ბიუსტის გახსნის ცერემონიალს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, ალასანიას ოჯახის წევრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის მეომართა კავშირის, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიუსტი მამია ალასანიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  შეიქმნა.

მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს, სოფელ ანაკლიაში, გიორგობის დღეს დაიბადა. იმავე წელს ალასანიების ოჯახი ზუგდიდში გადასახლდა. მამია ალასანიამ 1961 წელს ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა დაამთავრა. მამია ალასანია 1974 წლიდან სამუშაოდ თბილისში უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში გადავიდა და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის უფროსი გახდა.

1993 წლის 27 სექტემბერს, მამია ალასანია ქალაქ სოხუმში მოკლეს, ის აფხაზეთის ომში იბრძოდა. 2017 წლის ოქტომბერში მამია ალასანიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.