აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე სალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ქალაქ სალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით და სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ კონცერტი გამართა - შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით რუსლან აბაშიძემ მიმართა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს გენერალურ კონსულს, ნოდარ კომახიძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ქართული კულტურის საღამოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სალონიკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტები ესწრებოდნენ.