აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მიერ ერთობლივად მომზადებული საარქივო გამოცემებისა და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უშუალო მხარდაჭერითა და ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ნდობის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ქართველი და აფხაზი სპეციალისტების ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა 5 ერთობლივი კვლევა და 3 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განხორციელებულ რეპრესიებს, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრსა და ხსოვნას უკავშირდება.

ფილმების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას, რისი ერთ-ერთი წარმატებული მაგალითიც არის წლების განმავლობაში წარმართული ერთობლივი ქართულ-აფხაზური ძალისხმევა, შსს-ს არქივში დაცული უნიკალური მასალების მოძიებისა და ისტორიული პუბლიკაციების გამოცემის მიმართულებით. ამ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა ევროპის საბჭოს განსაკუთრებული როლი და აქტიური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის პროცესში. ამასთან, თეა ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს აკადემიას, არქივს, პროექტის ფარგლებში ჩართულ ყველა მონაწილეს გაწეული ძალისხმევისთვის.

დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ მიმართეს.

ღონისძიების მეორე ნაწილი ქართულ-აფხაზური გამოცემების წარდგენას და პროექტის მონაწილეთა შეფასებას დაეთმო, სადაც მიმოიხილეს თითოეული გამოცემის მნიშვნელობა, ასევე ქართულ-აფხაზური შეხვედრების მიმდინარეობა და სამუშაო პროცესი.

რუსლან აბაშიძემ  ღონისძიების ორგანიზატორებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ არქივისა და უნიკალური საარქივო მასალების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

ქართულ-აფხაზური პროექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.