აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას დაესწრო

დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

მოხსენებაში პრემიერმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის განსახლების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:

„რაც შეეხება დევნილების საკითხებს.  მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში ჩვენ სერიოზული წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. შედარებისთვის, თუ ავიღებთ 2012 წელს, რა დაგვხვდა, რა ბიუჯეტი დაგვხვდა, ეს იყო დაახლოებით 25 მილიონი ლარი, თუ არ ვცდები. წელს ბიუჯეტი 233 მილიონი ლარია, თითქმის გავაათმაგეთ ბიუჯეტი. აქ ჩანს ჩვენი რეალური დამოკიდებულება ჩვენი დევნილების მიმართ.  გაათმაგებულია დევნილებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. დღემდე ახალი საცხოვრებელი ფართები გადავეცით 32 000-მდე დევნილ ოჯახს. ჩვენ ახლა დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ბორჯომში. დამატებით, 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. მათ შორის, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში 7 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს სახლებს. ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება მომდევნო 2-3 წელიწადში“.

მთავრობის ანგარიშში პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო შერიგების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ახორციელებს.

„შერიგების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში - კარგად მოგეხსენებათ ჩვენი მრავალწლიანი, სტაბილური პოლიტიკა. ჩვენ მივყვებით ჩვენს მიერ არჩეულ კურსს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი  გზით დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არის ის მთავარი უზენაესი იდეა და მიზანი, რომლის გარშემოც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ამაზე მეტი საფიქრალი დღეს ქვეყანაში არცერთ ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეს  არ აქვს გარდა ამ დესტრუქციული, უპასუხისმგებლო ოპოზიციისა.

მე მინდა ასევე ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუმცა ძალიან ბევრი პროგრამის აფიშირება არ ხდება მიზანმიმართულად.  არ გვინდა, რომ ეს იყოს ერთგვარი დამაბრკოლებელი ბარიერი ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ რაღაც პრობლემები შეექმნათ ადგილზე. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და  კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მასშტაბებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.