აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონმა პროექტს „ევროპული არდადეგები“ უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, პროექტი „ევროპული არდადეგები“ გაიმართა.

პროექტში აფხაზეთიდან  დევნილი 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებსაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ. ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.

ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტების სამსახურის უფროსმა მარიამ გიგაურმა და შაორის ახალგაზრდული ბანაკის ხელმძღვანელმა ანა ბუხრაშვილმა პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეოთხე წელია ხორციელდება და  მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას. ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევასა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას, ასევე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას.