აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თბილისში დევნილ ბენეფიციარებს სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად, თბილისში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა.

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ პროგრამებში - „დასაქმების ხელშეწყობა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ გამარჯვებულ ბენეფიციარებს სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარები გადასცეს.

პროგრამების მიზანი აფხაზეთიდან დევნილი პირების ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის განვითარება-გაძლიერების ხელშეწყობა და შესაბამისი ტექნიკითა და დანადგარით უზრუნველყოფაა.

კონკურსის შედეგად მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დევნილი 43 აპლიკანტი გამოვლინდა. ინვენტარის გადაცემა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან დაიწყო და ეტაპობრივად მას ყველა ბენეფიციარი მიიღებს.