აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა.
ღონისძიების ფარგლებში 10 სპორტსმენი დაჯილდოვდა.
სტიპენდიის მფლობელები ყოველთვიურად ფულად პრიზებს მიიღებენ, რაც მათი სპორტული კარიერის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიებაზე ვიქტორ სანეევის მოღვაწეობა გაიხსენეს და ქართული სპორტის განვითარებაში მის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერასა და წახალისებას.
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლის და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობის სპორტსმენებს.