აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიასთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს უმძიმესი დღეა, 2 ოქტომბერი, გაგრის დაცემის დღე. დღე როდესაც დაიწყო ის ტრაგედია, რამაც აფხაზი და ქართველი ხალხის გახლეჩა გამოიწვია.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობის პრაგმატულ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის საფუძველზეც აუცილებლად ახდება ჩვენი გმირების ოცნება და საქართველო იქნება ერთიანი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.