მთავრობის აპარატი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისთვის. თუმცა ჩვენ ოკუპაციას ვპასუხობთ მშვიდობით, ვპასუხობთ განვითარებით და მე მჯერა, რომ ჩვენს აფხაზ და-ძმებთან ერთად, ერთიან, თავისუფალ და ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.