აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო სააგენტო „SMO.GE"-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისათვის" მოწვევით პრესკონფერენცია გამართა. ვახტანგ ყოლბაიამ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ჟენევაში 5-6 ნოემბერს გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით აფხაზური მხარე არ არის წინააღმდეგი აღსდგეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ხუთმხრივი შეხვედრები გალში, სადაც  მხარეები გალის რაიონში შექმნილ მდგომარეობას ყოველკვირეულად განიხილავენ.

„ჟენევის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი გახლდათ პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის საქმიანობის აღდგენის აუცილებლობა,რამეთუ ამ პროექტმა ძალიან კარგი შედეგები გამოიღო ამ ხნის განმავლობაში. ამ ხუთმხრივი მოლაპარაკებების ჩაშლა დაეტყო გალის რაიონში გამწვავებულ კრიმინოგენულ სიტუაციას. ეს იქნება ქართველების გატაცება თუ მოსავლის გადმოტანასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემები. სწორედ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განაპირობა, რომ აუცილებელია აღსდგეს ეს ტრადიციული მოლაპარაკებები გალში" - განაცხადა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიმ.