აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ თოქ-შოუში „არგუმენტების დრო“

„ერთ-ერთი მტკივნეული თემა სოხუმისთვის დევნილთა დაბრუნების პრობლემაა."

„დევნილის საყოვალთაოდ აღიარებული უფლებაა დაუბრუნდეს საკუთარ სახლ-კარს, ამიტომ, შეუვალი უფლებისთვის ხელშეუწყობლობა და მის აკრძალვა საერთაშორისო ნორმის დარღვევაა, გაეროს რეზოლუციებისა და მოთხოვნების უგულებელყოფა და ზოგადად, უსამართლობაა".

„დარწუნებული ვარ, სოხუმში მოსახლეობა ევროკავშირთან დაახლოების წინააღმდეგი არ არის. მათ გაცნობიერებული აქვთ ამ დაახლოების სიკეთე, მაგრამ რუსეთის ფაქტორი მათთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს რეალობაა, რომელსაც ვერ გაურბიან. თუ პროცესმა წინ წაიწია, ამას უკვე სერიოზული შედეგი შეიძლება მოჰყვეს".

„მართალია, ბუნებით ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს რუსეთი რაღაცის მოლოდინშია. შეუძლებელია იმის არდანახვაც, რომ დასავლეთის მოქმედება რუსეთის პოზიციის შერბილებისკენაა მიმართული, ეს კი პირდაპირ კავშირშია საქართველოს მიერ ევროკავშირთან პარაფირების და მომავალში ასოცირების დოკუმენტის გაფორმების პროცესთან. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ნორლანდისა და გერმანიის მხარის მიერ კონფლიქტებთან დაკავშირებით სულ ახლახანს გაკეთებული განცხადებები სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. ვფიქრობ, რომ დასავლეთი მაქსიმალურად შეეცდება, შეუნარჩუნოს საქართველოს დღევანდელი პოზიციები".

„ჩვენ უნდა მივიღოთ არა მხოლოდ თბილისისათვის, არამედ სოხუმისთვის, აფხაზი და ქართველი ხალხისთვის სასარგებლო შედეგები".

„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი 80-იანი წლების მენტალობის ტყვეობაშია. როცა ჩვენ ამას გავიაზრებთ და ვაღიარებთ, აფხაზეთში გაცილებით მეტი რწმენით განიმსჭვალებიან ჩვენ მიმართ და ნდობაც უფრო მეტად გაღვივდება. ვფიქრობ, ორივე მხარის მიერ დაშვებული შეცდომები საკმარისზე მეტია. დღეისათვის, ჩვენთვის უმთავრესია, აღარ დავუშვათ შეცდომები ურთიერთობებში. კარგად ვიცი, რომ ნდობის საკითხი ყბადაღებული თემაა, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა. სოხუმი თბილისში თავის მტერსა და უსაფრთხოების დამრღვევს არ უნდა ხედავდეს, იმ ძალად არ უნდა აღიქვამდეს, რომელსაც შეუძლია რაღაც დისბალანსი შეიტანოს მის ცხოვრებაში."

„ყველა ხედავს, როგორ პოლიტიკას ატარებს რუსეთი აფხაზეთში. აფხაზეთის ტერიტორია მას საკუთარი ინტერესებისა და მიზნების განხორციელებისთვის სჭირდება, რასაც თავად აფხაზებიც შესანიშნავად აცნობიერებენ".

„ამ კონფლიქტში ჩვენ ვართ მთავარი მოქმედი აქტორი, უნდა დავიჯეროთ, რომ აქ ჩვენ ვართ წარმმართველი ძალა. სოხუმში ყოველთვის მესამე ძალას ეყრდნობოდნენ, თბილისშიც მუდამ მესამე ძალის იმედად იყვნენ. ჩვენ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ პარალელურ რეჟიმში აფხაზურ მხარესთან; ყველა დონეზე უნდა აღვადგინოთ გაწყვეტილი კავშირები და საკუთარი გულწრფელი დამოკიდებულებით განვაგრძოთ სვლა ერთმანეთისკენ".

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ჩვენ შორს მოხდა, აღარასოდეს განმეორდება".