აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა განახორციელა ღია, ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შეკავება საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, აშშ-ისა და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

აქ, გაერო-ს შტაბ-ბინაში, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე.

სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას.

უკანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის - მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე, ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან - დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე; უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა; სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე. ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას.

აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენი მოქალაქეების - გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.

საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!

საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.

საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაკეტილი საოკუპაციო ხაზის პირობებშიც კი შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეებს.

საქართველოს მთავრობის არჩეული პოლიტიკაა დიალოგის გზით მშვიდობის მიღწევა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც, ერთის მხრივ, ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას, ხოლო, მეორეს მხრივ - ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან დიალოგით. ჩვენ გვაღელვებს მათი ბედი და დაინტერესებული ვართ იქ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, ისევე, როგორც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის პირდაპირი კავშირების აღდგენით. ჩვენი მიზანია აღნიშნული რეგიონების განვითარება და იქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა სიკეთისა და მონაპოვრის გაზიარება, - როგორც მშვიდობიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და კორუფციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება, ისე ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებული შესაძლებლობები - თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა.

მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს - საქართველოს სურს და შეუძლია თქვენთვის ამ ყველაფრის გაზიარება. ჩვენ ერთად შეგვიძლია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შევქმნათ უკეთესი მომავალი და ამასთანავე, შეინარჩუნოთ უნიკალური კულტურა და თვითმყოფადობა, რაც ასევე საერთო მემკვიდრეობის ნაწილია.

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორსა და მეგობარს, მუდმივად გვერდში დგომისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, გლობალური პანდემიის პირობებში, ქვეყნების უპრეცედენტოდ მაღალმა რიცხვმა მხარი დაუჭირა საქართველოს და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციას - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც ადასტურებს მათ უფლებას, ღირსეულად დაბრუნდნენ წინაპრების სახლებში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.