აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

კრწანისში, კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

კრწანისში, კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მთავრობის სხდომას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი ესწრებოდა.

გიორგი იაკობაშვილმა ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ საქმისთვის რასაც ისინი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი მოსახლეობისთვის აკეთებენ. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებასთან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ერთობლივი კამპანიის მნიშვნელობასა და ეფექტურობას.

სხდომის შესავალ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ მოკლედ ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ რომელსაც სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი და მისი თანამშრომლები როგორც ენგურს გამოღმა ისე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებენ და ამ ქმედებებს ნდობის აღდგენის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. 

სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ და დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა მთავრობის წევრებს მისი უწყების მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების ანგარიში წარუდგინა.

სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აგრარულ პროგრამებსა და პროექტებში ჩართულობაზე და შედეგებზე. ასევე, სხდომაზე მოწვეულმა პირებმა ისაუბრეს ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანასა და სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.