აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების 6 თვის ანგარიში მოისმინეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ სამინისტროს და სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც სამინისტროსა და სააგენტოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პროგრამებზე, ახალ ინიციატივებსა და მათ შედეგებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბენეფიციართა მომართვიანობა საგრძნობლად არის მომატებული.

ლევან ჩაკვეტაძემ, ასევე, მიმდინარე წლის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ჯანდაცვითი პროგრამებისა და ახალი პროექტების განხორციელებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ სხდომაზე სამინისტროსა და მთლიანად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულ ეკონომიკურ და აგრარული მიმართულების  პროგრამებზე „დასაქმების ხელშეწყობა“, „ეკონომიკური მომსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ და სხვა.

ლევან თევზაიამ, ასევე, მიმდინარე წელს დევნილი მეწარმეებისა და ფერმერების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა.

გასვლით სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.