დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა აისახოს. ასევე, ყურადღება გაამახვილა დროებით დევნილ მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრებისა და პირადი კომუნიკაციის აუცილებლობაზე.
„მინდა გთხოვოთ თითოეულ მინისტრს, რომ თქვენს უწყებებთან ერთად, გახვიდეთ კომპაქტური დასახლების ადგილებში და კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა. აქვე მინდა, შევეხო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ჩემთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი და თანხების მიზნობრიობა გაკონტროლდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცესის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, რათა დევნილმა მოსახლეობამ იცოდეს თუ რა მიზნით და სად იხარჯება მათი თანხები“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
მთავრობის წევრებმა სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებსა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ.