აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
2017-07-15
ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" დაესწრო.

„მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით  ფორუმში ვმონაწილეობ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე. რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებში კი მნიშვნელოვან მოთამაშედ საქართველოს მივიჩნევთ, რაც ძალზე საპასუხისმგებლოა. ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც დღევანდელ ფორუმში მონაწილეობენ, გაცნობიერებული აქვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან  დაკავშირებული პრობლემები, როგორც საქართველოში, ისე, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში.  ალბათ, სიმბოლური გახლავთ ისიც, რომ კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა", ბათუმში, საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკაში  გაიმართა. ამ კონფერენციაზე  აფხაზეთის მხარეც შეიძლებოდა ამავე სტატუსით ყოფილიყო წარმოდგენილი და მონაწილეობა მიეღო ყველა ღონისძიებასა და პროექტებში, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს  სთავაზობს. დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება და  სოხუმი კვლავ იზოლაციაში ამყოფებს საკუთარ მოსახლეობას.

არ შეიძლება არ შევუერთდე პრემიერ-მინისტრის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველო აფხაზებს უწვდის  ძმურ ხელს, რომ მათთვის ევროპის კარი ღიაა და შეუძლიათ ისარგებლონ ყველა  სიკეთით,  რომელსაც  ევროკავშირისგან საქართველო იღებს. იმედი მაქვს, ეს დღეც მალე დადგება და აფხაზი ხალხი  თავს დააღწევს ქართველებისგან იზოლირებულ ცხოვრებას.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ  ჩვენთან მრავალი ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. ეს საინტერესოა ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელისთვის.

დღეს მე მივმართე  მომხსენებლებს შეკითხვით,  შესაძლებელია თუ არა განსაკუთრებული  ყურადღება   მიექცეს,  დაფინანსების  თვალსაზრისით,  იმ პროექტების გააქტიურებას, რომლებიც  გულისხმობს ქართული მოსახლეობის მონაწილეობას, ენგურის გამყოფი ზოლის ორივე მხარეს.

ბოლო   პერიოდში  ჩვენი  დევნილი მოსახლეობა რეფერალური ჯანდაცვის  უფასო პროგრამით სარგებლობს, მათ შორის, გალის მოსახლეობაც. ვცდილობთ ენგურს გაღმა და გამოღმა ჩვენს მოსახლეობას მივუსადაგოთ დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული სხვა პროგრამებიც.  დღეს  ვითარება გალში და მის შემოგარენში  ძალიან მძიმეა.  ახალი პროექტების ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აჭარაში  ენერგოსადგურის ასაშენებლად დიდი ინვესტიციის ჩადება მისასალმებელია.

ასევე მნიშვნელოვანია შეთანხმება  „EBRD"-თან  ბათუმისათვის ელექტრო  ავტომობილების  გამოყოფის თაობაზე.საინტერესო იყო  ასევე,  ქართველ  ფერმერთა   ასოციაციის  პროექტები, რომელთაც  ევროკავშირი აფინანსებს. ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბება დევნილთათვის  ჩვენი   სამომავლო  პრიორიტეტია.

რაღა თქმა უნდა, ანალოგიური  პროექტების  განხორციელების  შესაძლებლობა დიდ მოტივაციას გაუჩენდა  აფხაზეთში  მცხოვრებ ქართულ  მოსახლეობას, მათ შორის, აფხაზებსაც. იმედი მაქვს, ევროკავშირის ძალისხმევა აქეთკენაც იქნება მიმართული.

ჩვენის მხრივ კი, დავამატებდი, რომ  აუცილებელია, მეტი გულდადებით და მოწადინებით ვეძებოთ  ევროკავშირის სტრუქტურებისკენ მისასვლელი გზები.  თუ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ევროკაშირისპროექტებში შესაძლოა, უახლოეს მომავალში,  დევნილთა ადგილიც მოინახოს მათი პრობლემების მოსაგვარებლად" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.