აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - კომენტარები

2013-11-01
ვახტანგ ყოლბაიას კომენტარი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. „პასპორტიზაციის" შესახებ

სინანულს იწვევს ის გარემოება, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება  იმავე შეცდომას ჩადის, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ საბჭოურ პერიოდში. საქმე ეხება გვარების იძულებით შეცვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორც აჩვენებს პრაქტიკა, ამგვარი ქმედებებით შექმნილი ხელოვნური გარემო ვერანაირად ვერ იქნება მდგრადი და სტაბილური. მეტიც, მსოფლიოში არ მოინახება ადგილი, სადაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და გარკვეული მიზნების მიღწევის გამო ასე „იქექებოდენ" გვარეულობის წარმომავალში, რაც სრულად ემიჯნება ცივილიზებული სამყაროს პრინციპებს.

ე.წ. აფხაზური პასპორტების გაცემის საქმეში მსგავსი მიდგომების გამოყენება ქართველების მიმართ არის არაკონსტრუქციული, არაპრაგმატული და არადემოკრატიული, რაც კიდევ უფრო ძაბავს ისედაც ფეთქებად სიტუაციას ამ რეგიონში.

ასევე მეტად სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ რადიკალურად განწყობილი აფხაზთა პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს ასეთი ე.წ. პასპორტიზაციით კონფლიქტი და შუღლი ჩანერგოს გალის რაიონსა და აფხაზეთის სხვა რაიონებს შორის. ეს საქმიანობა ემსახურება ვიწროპოლიტიკურ ინტერესებსა და სახიფათო დივიდენდების მიღებას. შესაბამისად, მას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება და არა აქვს აფხაზეთის ნამდვილი პრობლემის მოგვარებასთან.