საინფორმაციო სააგენტო „Newspress".
ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან.
- როგორ შეაფასებდით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის დროს გააკეთა.? ვგულისხმობთ დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
- რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება „Russia Today"-ის კორესპონდენტისთვის ამ რამდენიმე ხნის წინ მიცემული ინტერვიუს კონტექსტში მინდა განვიხილო. თუ გახსოვთ, რუსეთის პრეზიდენტმა ამ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველო ვერ შეეგუება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვას, მაგრამ ეს საკითხი, პირველ რიგში, თვითონ ქართველებმა და აფხაზებმა უნდა მოაგვარონო". ვლადიმერ პუტინის ახალ მოსაზრებას ამ ძველი ნათქვამის კონტექსტში თუ განვიხილავთ, გამოდის, რომ რუსეთის პირველი პირი თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს. მისი ეს თანმიმდევრულობა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ - ყურადსაღები და იმედის მომცემია.
- ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრება თუ ზოგადი შინაარსის იყო, ამჯერად რუსეთის პირველი პირი კონკრეტულ საკითხს ეხება?
- დიახ. პუტინმა ზოგად საუბარს ამჯერად კონკრეტიკა შემატა, როდესაც თქვა, რომ დევნილთა დაბრუნების საკითხის მოგვარება შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პატრიარქისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა ყოველთვის პოზიტივით მთავრდებოდა, ჩვენთვის მტკივნეულ საკითხზე პუტინის ასეთი ღია განცხადება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პატრიარქსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომელიც ასე ჭირდებათ დიპლომატიურ წრეებს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დასათბობად.
- დევნილთა დაბრუნების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა თავისი მზაობა კი დააფიქსირა, მაგრამ რეალურად თუ განახორციელებს ამ პოლიტიკას?
- ამის გაკეთება იოლი არ იქნება და ეს ხანგრძლივი პროცესია. კეთილი ნების არსებობის შემთხვევაშიც, ამას გარკვეული დრო, ფინანსები, კონკრეტული პროგრამა და გრაფიკი სჭირდება. ეს საკითხის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარეა, მაგრამ არის პოლიტიკური მხარეც. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის კეთილი ნების არსებობის შემთხვევაშიც, ჩვენ აფხაზებისა და ოსების პოზიციაც უნდა გავითვალისწინოთ. ძალით თავს ვერავის ვერაფერს მოახვევ. მართალია, პოლიტიკურად და სამართლებრივად აფხაზები და ოსები მხარეები არ არიან, მაგრამ მათ გარეშე ფაქტობრივად ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მათთან დიალოგი აუცილებელია. როგორც ჩანს, სწორედ ეს იგულისხმა ვლადიმერ პუტინმა „Russia Today"-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
აფხაზების ისტორიულ მეხსიერებას კარგად აქვს შემორჩენილი ის ფაქტი, რომ 1921-1931 წლებში აფხაზეთი ამიერკავკასიის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის მეშვეობით შემავალი სუბიექტი იყო, როგორც რესპუბლიკა (მართალია სერიოზული უფლებების გარეშე), მაგრამ ისინი ამას საკუთარ დამოუკიდებლობად აღიქვამდნენ. აფხაზებმა ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ დამოუკიდებლობის იდეა თაობებისათვის გადაეცათ. ამდაგვარად, ისინი დღემდე მტკივნეულად განიცდიან ნებისმიერი ფორმით დამოუკიდებლობის ხელყოფას. ამ ბოლო წლებში დამოუკიდებლობის განცდა მათ გამძაფრებული აქვთ. 1993 წლის შემდეგ დაბადებული თაობა უკვე ოცი წლისაა. მათ პრესით, ტელევიზიით მუდმივად ელაპარაკებიან აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ. ისინი ამ სულისკვეთებით აღზარდეს. ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია და მათთან ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო. აფხაზები სამართლებრივად საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ სინამდვილეში ხომ სხვა რეალობაში ცხოვრობენ?! აფხაზებს დღემდე აქვთ შიში, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლებელია სოხუმის ქუჩებში ქართული ტანკები, აფხაზეთის ცაზე კი ქართული ბომბდამშენები გამოჩნდნენ. ამიტომ, ბუნებრივია, ისინი მოითხოვენ გარანტიებს, რომ თბილისიდან არანაირი საფრთხე არ დაემუქროთ.
- გამოდის, რომ რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან პარალელურ რეჟიმში მოგვიწევს თანამშრომლობა?
- უეჭველად. რუსეთის პრეზიდენტის ამ გზავნილების არდანახვა, არაღქმა და გაუბრალოება დაუშვებელია. ვლადიმერ პუტინს ეს სიტყვები რომელიმე ჟურნალისტთან ინტერვიუში რომ ეთქვა, მას მაშინაც უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა, რადგან ამ დონის სახელმწიფო მოღვაწის ყოველი განცხადება პოლიტიკურ და სამართლებრივ მნიშვნელობას იძენს, მაგრამ ახლა, როდესაც მან ეს სიტყვები საქართველოს პატრიარქთან თქვა, ამ სიტყვების მნიშვნელობა ერთი-ორად იზრდება. რუსეთის პრეზიდენტს პატრიარქის თანდასწრებით არ დასჭირდებოდა ისე საჯარო განცხადების გაკეთება, რომლის შესრულებასაც იგი არ აპირებს. საქართველოს პატრიარქის წინაშე მოწიწება და პატივისცემა მას ბევრჯერ გამოუხატავს და დაუდასტურებია. ასეთი რამე პოლიტიკაში იშვიათად ხდება. ჩანს, რომ პუტინს სურს ამ საქმის დაძვრა, მაგრამ რა, როგორ და როდის, ეს უკვე ჩვენი სამუშაოა. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენი ხედვა, ჩვენი პროექტი, ჩვენი გეგმა, რომელიც ყოველმხრივ აწონილ-დაწონილი და ამავე დროს, როგორც რუსებისთვის, ასევე აფხაზებისა და ოსებისთვის მისაღები იქნება.
ახლა, მოდით, მეორე მხრიდანაც შევხედოთ ამ საქმეს, როგორც იტყვიან, უარყოფითი მხრიდან: პუტინი გვატყუებს, დანაპირებს არ შეასრულებს და ასე შემდეგ. კი მაგრამ, თუ გვატყუებს, ჩვენ რა გვიხარია? კაცი გვეუბნება, ასე გავაკეთოთო, ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ ვუთხრათ, მოდით, სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთო, გავიძახით, გვატყუებსო. რას გვაძლევს ეს?! ამაში დარწმუნებულიც რომ ვიყოთ, მაინც არ უნდა ვთქვათ ხმამაღლა. პირიქით, ავიტაცოთ მისი ეს სიტყვები და შევეცადოთ, რომ გამოვიყენოთ იგი. არ მივცეთ რუსეთს საშუალება, უკან დაიხიოს, დანაპირები არ შეასრულოს და ასე შემდეგ. პუტინი დანაპირებს შეასრულებს, თუ მის მიერ გადმოდგმულ ნაბიჯს სწორად განსაზღვრულ ნაბიჯს შევაგებებთ. ასეთია საერთაშორისო ცხოვრების წესი და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ლოგიკა.
- მართალია აბაშიძე-კარასინის დონეზე შეხვედრები რეგულარულად იმართება, მაგრამ პუტინის ამ განცხადების შემდეგ, ალბათ, უფრო მაღალი დონის შეხვედრაზე ფიქრის დროც დადგება?
- დიახ. ამ მიმართულებითაც საჭიროა მუშაობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი შეიძლება ახალი, განსხვავებული შინაარსით შეივსოს და დაიტვირთოს. მოკლედ, დრო არ უნდა დავკარგოთ, ყინული რაკი დაიძრა, ახლა ყოველი წუთი ძვირფასია.