ქვეყენაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე, აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრის გზებზე და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში ახალი მთავრობაა, ახალი პრეზიდენტი. როგორც შეაფასებდით ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს?
- უმთავრესი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეიცვალა რეჟიმი. ხალხმა ამოისუნთქა. უსამართლობის, დაკავებისა და ბიზნესის წართმევის შიში გაქრა. საზოგადოებას აქვს იმის შეგრძნება, რომ ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. საქართველოს ჰყავს ახალი პრეზიდენტი გიორგი მარველაშვილი ახალი უფლებებით, აღმასრულებელი სტრუქტურის ხელმძღვანელი ხდება პირველი პირი, პარლამენტი იძენს რეალურ ძალაუფლებას და საკანონმდებლო ორგანო იხვეწება. აქამდე კანონების დიდი ნაწილი რაც იყო, ხალხის კეთილდღეობას ნაკლებად ემსახურებოდა. ადამიანი მხოლოდ საარჩევნო სუბიექტი იყო. თუმცა ბევრი რამ გაკეთდა და ამის უარყოფაც არ შეიძლება. მაგრამ მთავარი, რასაც დემოკრატიული პრინციპი ჰქვია და დემოკრატიული საზოგადოების ღერძი- ადამიანის უფლებების დაცვა იყო ფეხქვეშ გათელილი. 2008 წლის ომი იყო აბსოლუტურად უაზრო,რაშიც ერთ-ერთი "დამსახურება" წინა ხელისუფლებას მიუძღვის. ამის არგახსენება და მიჩქმალვა არაფერ სიკეთეს არ მოუტანს ქართველ ერს. წაგებულ ერს გვაზეიმეს, როგორც მოგებულს. შედეგად, დღეს გაცილებით გართულებული სიტუაცია, უფრო ჩიხური მდგომაროება მივიღეთ, ვიდრე იყო თუნდაც 5-7 წლის წინ.
- აქვს თუ არა ახალ მთავრობას იმის პოტენციალი, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და შესაბამისად აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება შეძლოს?
- ჩვენი დასავლელი მეგობრები ყოველთვის გვირჩევდნენ, რომ რუსეთთან უნდა გამოვნახოთ საერთო ენა. უნდა გამოინახოს საერთო გზები, რომელიც შესაძლებელს გახდის რუსეთის როლი და გავლენა კონფლქიტების მოგვარებისთვის გამოვიყენოთ. ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს პროცესი ჩიხში შეგვეყვანა ჩვენს მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯებით. დღეს შეიცვალა განწყობა, ასევე შეიცვალა დამოკიდებულება კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ჩართული სუბიექტებისადმი. არ არის საომარი რიტორიკა და მუქარა. წინა ხელისუფლების უბედურება იმაშიც იყო, რომ არ იცოდი მეორე წუთს რას მოიმოქმედებდა.ერთი სიტყვით დენთის კასრსზე ვისხედით და არ ვიცოდით რა გველოდა. პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი არის პროგნოზირებადი და პატიოსანი მოქმედებები. ტყუილია, როდესაც ამბობენ "პოლიტიკა ბინძურიაო", გააჩნია ვინ აკეთებს ამ პოლიტიკას. ის, რაც იყო ცუდი, გადავდოთ განზე და სხვა გზით ვიაროთ. როდესაც შევარდნაძის ეპოქა წავიდა, საზოგადოებას ისეთი განცდა ჰქონდა , რომ ახალი ხელისუფლება გადადგამდა ქმედით ნაბიჯებს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. მთავრობა ჩამოაყალიბებდა ახალ გზავნილებს, რომელიც აფხაზებში ნდობას შექმნიდა. სამწუხაროდ კი პირიქით მოხდა. პირველ ეტაპზე მართლა იყო განსაკუთრებული განწყობა სააკაშვილის ხელისუფლებისადმი, მაგრამ მან ვერ, ან არ გამოიყენა ეს ნდობა. ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადაგას ისეთი ნაბიჯებიც, რომელიც შეიძლება დღეს არაპოპულარულია, არ არის აღსაფრთოვანებელი, მაგრამ მომავალში ქვეყნის გაერთიანებასა და კეთილდღეობასა გამოადგება. დღევანდელ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხით და მინდა წარმატებები ვუსურვო.
- 5-6 ნოემბერს დაგეგმილია ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი. რა მოლოდინებია ამ რაუნდისაგან? ზოგადად, ჟენევის მოლაპარაკებებს როგორ აფასებთ, არის თუ არა ეს ფორმატი ეფექტური?
- ის განწყობა, რომელიც ზოგადად ახალი ხელისუფლების მოსვლას ახლავს თან, არ შეიძლება არ აისახოს ყველა თანმდევ პროცესებზე. ჟენევის მოლაპარაკებებზე იქნება ისეთი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც მხარეებს დიამეტრულად სხვადასხვა ხედვა აქვთ.
- გულისხმობთ რუსეთის მოთხოვნას, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით?
- დიახ, ამას ითხოვენ, მაგრამ ეს იმდენად ჩიხური სიტუაციია, რომ მხარეებმა უნდა ეძებონ რეალური გამოსავალი. მე პირადად დიდ გარღვევას ამ რაუნდისგან არ ველოდები. ვთვლი, რომ გამოსავლის ძიების საშუალება უნდა მისცე ოპონენტს. არ შეიძლება კუთხეში მომწყვდეული კაცისგან რეალურ და ადეკვატურ რეაქციას ელოდებოდე. უნდა მისცე ჩვენს მეგობრებს იმის საშუალება, რომ მათ ჯეროვნად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები რუსეთთან ურთიერთობებში. სერიოზულ გარღვევას არ ველოდები, მაგრამ პრინციპული მიდგომებიდან გამომდინარე რაღაც შეიძლება შიეცვალოს. მე მაინც ვფიქრობ, სანამ არ მოხდება რუსეთსა და საქართველოს შორის უმაღლეს დონეზე, პირველი პირების შეხვედრა, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ეს რა თქმა უნდა ხვალ და ზეგ, სპონტანურად ვერ მოხდება. მას უნდა მომზადება, სალაპარაკო თემების აპრობაცია. პირდაპირ მიხვიდე და ხისტად დაიწყო იმაზე საუბარი, რა აპრიორიც უფსკრულში გადაგჩეხავს, ეს არარეალურია. რამოდენიმე თვეა მუშაობს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში, არის ჟენევის ფორმატი. მოლაპარაკება ყოველთვის უკეთესია, ვიდრე არ დალაპარაკება.
- მას შემდეგ რაც თქვენ გახდით აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რა ცვლილებები განახორციელეთ?
- მე სამწუხაროდ ეს ხუთი თვე მოვანდომე გარედან შემოტევების მოგერიებას. ხან უკანონობას, ხან კონსტიტუციის დარღვევას მაბრალებდნენ. ხან "თავისუფლების ქარტიას" იშველიებდნენ და ა.შ. არც ერთი მათგანი არ იყო სერიოზული სამართლებრივი ბაზის მქონე. ჩემთან მიმართებაში აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ სერიოზული როლი ითამაშა, სერიოზულიხ მხარდაჭერა იყო პარლამენტისგან, სერიოზული მხარდაჭერა იყო პრემიერისგან. პრემიერს პირდაპირი მხარდაჭერა არ გამოუხატავს და ამის უფლება კონსტიტუციურადაც არ ჰქონდა, მაგრამ მისი დამოკიდებულება ცხადყოფდა, რომ ჩემი კანდიდატურა პოზიტიურად იყო აღქმული. ამ განწყობას გრძნობდა ყველა, გარდა ჩემი ოპონენტებისა-ყოფილი აფხაზეთის ა/რ მინისტრების, რომლებსაც ახირებაში გადაუვიდათ ეს დაპირისპირება. როდესაც პირველად გაჟღერდა წინადადება ჩემი ამ მთავრობაში მოსვლის შესახებ, მაშინვე წამოვიდა უამრავი ზარი ევროპიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. მოგეხსენებათ, რომ 12 წელი გახლდით პარლამენტის წევრი და ამ პერიოდის განმავლობაში ჩამომიყალიბდა უამრავი ურთიერთობა. იმის მაგივრად, რომ მემუშავა ამ მიმართულებით აქტიურად, მიხდებოდა დროის ხარჯვა შემოტევებზე. მიხეილ სააკაშვილმა კოლაბორაციონიზმში დამდო ბრალი. არ იყო ასეთი საბაბით უარის თქმა ლოგიკური ჩემს კანდიდატურაზე. თავის დროზე ვინც არღვევდა კონსტიტუციას, ეს თავად საქართველოს პრეზიდენტი იყო. მან უკანონოდ შემოიტანა ზემო აფხაზეთის მცნება, უკანონოდ ჩაერია აფხაზეთის კონსტიტუციაში და ხელის გადაგრეხვით შეგვატანინა აფხაზეთის მაშინდელ კონსტიტუციაში ისეთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტთან შეთანხმებით ნიშნავდა მთავრობის თავმჯდომარეს. ავტონომიასთან მიმართებაში ასეთი ქმედება არ იყო მართებული, რაზეც მიუთითებდა თავის დროზე ვენეციის კომისია. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მოამზადა ცვლილებები თავის კონსტიტუციაში, რომლის განხილვა საზოგადოებაში უკვე დაიწყო. პროცედურების მიხედვით, საზოგადოებამ უნდა ნახოს ეს ცვლილებები, უნდა მოხდეს მისი საჯაროდ განხილვა და შემდგომ, როდესაც ჩაივლის ეს განხილვები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უბრუნდება ამ საკითხს.
ბევრმა არ იცის, რომ აფხაზეთის სტრუქტურებში არ არის რეალური ბერკეტები, რომელიც გავლენას მოახდენს რაღაც პროცესებზე, თუნდაც დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარებასა და ასევე ბინათმშენებლობის საკითხებზე. ჩვენი ბიუჯეტი არის 12 მილიონ ლარამდე. აქედან ძირითადი მიდის ხელფასებზე, მცირე რაოდენობით განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის პროექტებზე. ასევე დევნილებისთვის ერთჯერადად გავცემთ 100, 200, 300 ლარიანი, იშვიათ შემთხვევაში 500 ლარიანი დახმარებას. თუმცა ეს პროცედურები დიდ დროს მოითხოვს. 100 ლარიანი დახმარება რომ გაიცეს მინიმუმ 2 სამინისტროსა და 4 დეპარტამენტის დასკვნა სჭირდება, რაზეც დევნილს სამი-ოთხი თვის განმავლობაში ლოდინი უწევს. ეს არ არის ნორმალური. ამიტომ, ამის შეცვლას ვაპირებ. ეს პროცედურა უნდა გამარტივდეს.
აფხაზეთის ა/რ მთავრობა თავისი მცირე მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობებით, არაგავლენიანი მდგომარეობით, რომელშიც დღეს არის, კარგავს თავის ფუნქციას და დანიშნულებას. ჩვენ გვაქვს ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრები. უკვე შევხვდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დავით დარახველიძეს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას. სხვა მინისტრებთანაც მაქვს მოლაპარაკება. ძალიან სერიოზული პროგრამებია მეტნაკლებად ყველა სამინისტროში დევნილებთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ არც განხილვებში და არც გადაწყვეტაში არ ვიღებთ მონაწილეობას. როგორც ბატონმა დავით ნარმანიამ და ბატონმა დავით დარახველიძემ გვითხრეს, იმ კომისიებში, რომლებიც მათ სამინისტროებშია, მიიწვევენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებს, რომლებიც დევნილთა საკითხების განხილვებსა და პრიოტეტების განსაზღვარში ჩაერთვებიან. "მუნჯის ენა დედამ იცისო" ნათქვამია და დევნილებს თუ რამე უჭირთ და ულხინთ, ეს ჩვენზე უკეთესად არავინ იცის. შეიძლება სახლები და ქარვასლები არ ავაშენოთ, მაგრამ მთავარი განცდაა იგრძნონ, რომ მათთან ვართ და მათი გასაჭირის გამზიარებლები ვართ. მიუხედავად ამ დაკარგული დროისა, მე მაქვს რამდენიმე წინადადება უკრაინიდან. იქ არიან ჩემი მეგობრები, მათ შორის ყოფილი და დღევანდელი პარლამენტარებიც, აქედან წასული ბიზნესმენი. მპირდებიან ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობისთვის იქნება განკუთვნილი. ასეთივე განწყობაა რუსეთშიც,სადაც არიან საქართველოდან წასული ბინეზსმენები, რომლებსაც სურთ გამჭვირვალედ დაგვეხმარონ ამ პროცესში.
- აფხაზეთის მთავრობაში თუ იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები?
- იმისათვის, რომ ჩვენი მთავრობის საქმიანობა მობილური და ოპერატიული გახდეს, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას ვაპირებთ. გვინდა, რომ იმ ხალხს, რომლებიც აქ არიან დასაქმებულები, ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობების რეალიზებისა და ნიჭის გამოვლენის საშუალება. ერთი სამინისტრო- ზემო აფხაზეთის საკითხებში მინისტრის აპარატი გაუქმდა. ასევე, გაუქმდა აფხაზეთის ა/რ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, რომელთა ბაზაზე შეიქმნება გაერთიანებული, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს უმუშევრად დავტოვებთ. ასევე ვაპირებ კონფლიქტების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვას. მე მომხრე ვარ, რომ აფხაზეთთან წარიმართოს პირდაპირი დიალოგი. რა თქმა უნდა საერთაშორისო თანამეგობრობის, მეგობარი ქვეყნებისა და რუსეთსი გარეშე გაჭირდება ამ კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ პარალელურ რეჟიმში აფხაზებთან უნდა წარვმართოთ მუშაობა.
- თქვენ ხართ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. არის თუ არა ცნობილი, როდის დაინიშნებით ოფიციალურად თავმჯდომარედ?
- ამას უკვე პრაქტიკულად არაფერი არ უდგას წინ. ოფიციალურად დამტკიცებული თუ ვიქნები, შეიძლება ამას მეტი სიმყარე აქვს ვიღაცისთვის, გარედან მაყურებელი კაცისთვის. ეს ხელს არ მიშლის ჩემი საქმიანობის განხორციელებაში. მე არ ვჩქარობ, დაველოდოთ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, მთავრობის ხელახალ დაკომპლექტებას. ამ პროცესმა უნდა ჩაიაროს და მერე მოვუბრუნდებით ამ საკითხს.
ნანა ხიდეშელი
„ინტერპრესნიუსი"