ოცი წელია, აფხაზეთიდან დევნილები ხელისუფლებისგან აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას ელოდებიან.
ვერც შევარდნაძის და ვერც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ კონფლიქტის მოგვარება ვერ შეძლო. აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილის მთავრობას კონფლიქტის მოგვარების კონკრეტული გაწერილი სტრატეგია და რა გეგმები აქვს აფხაზეთის მთავრობას, «გურია ნიუსი» აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას ესაუბრა.
_ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს თუ არა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების კონკრეტული სტრატეგია?
_ მესმის საკითხის არსი და შინაარსი, პათოსი, განწყობა. ჩვენ აფხაზეთი რომ დავტოვეთ, იქედან, სექტემბერში 20 წელი შესრულდება. კონფლიქტის მოგვარების გზაზე სახელმწიფოს უარყოფითი შედეგის მეტი, არაფერი მიუღია. დევნილი ყოველდღე ელოდება, ხვალ, ზეგ თუ მასზეგ, როდის დაუბრუნდება სახლ-კარს, მიტოვებულ საფლავს, მეზობლებს, ახლობლებს... ბევრმა არ იცის და ამაზე დღეს შეიძლება საუბარი; 1997 -1998 წლებში, უშიშროების საბჭომ ვრცელი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც გულისხმობდა კონფლიქტის მოგვარებას. რომელიც მოიცავდა ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მეგობარ ქვეყნებთან, რა თქმა უნდა აფხაზებთან, რუსეთთან. მაგრამ, რა?! ის, რომ დღეს აქ ვართ, იმაზე მეტყველებს, რომ ის სტრატეგია ფუჭი გამოდგა. მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თემა, არ მინდა დავაბრალო წასულ ან ჯერ არწასულ ხელისუფლებას, მაგრამ, მათ დაიწყეს საზოგადოებაში პროპაგანდა, თითქოს, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება საინტერესო თემა არ არის. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სასიცოცხლო ინტერესი მოსახლეობაში არ შენელებულა. თუ აკვირდებით, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და არც საკუთარი ამომრჩევლისთვის კონფლიქტის მოგვარების მკაფიო გზავნილი არ გაუკეთებიათ.
_ რა არის ამის მიზეზი?
_ ეს რთული და ფაქიზი თემაა. შეიძლება, რომელიმე პარტია ფიქრობდეს, არააპრობირებული, არამომგებიანი გეგმის გაჟღერება, რის გამოც, შესაძლოა, არაორდინარული ნაბიჯი იქნას გადადგმული. არჩევნების წინ, ელექტორატის დაკარგვის შიშით, ასეთი გეგმის გაცხადება წამგებიანი იქნება. ალბათ, ამიტომ, პოლიტიკურ პარტიები სტრატეგიას არ ამჟღავნებენ. თუმცა, თქვენ აბსოლუტურად გეთანხმებით, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სტრატეგია.
_ თქვენი აზრით, ახალი ხელისუფლების წინადადება რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, მისაღებია?
_ ახალმა ხელისუფლებამ, კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, საკმაოდ არაპოპულარული წინადადება გააჟღერა. საზოგადოება კი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ისევე როგორც ამისთვის მზად არ აღმოჩნდა რუსეთი, მზად არ აღმოჩნდა აფხაზეთიც. თუმცა, რკინიგზის საკითხი არ არის ახალი თემა. მახსოვს 1996, 1997, 1998 წლებში ასლან აბაშიძეც საუბრობდა ამ თემაზე. ასევე ზოგიერთი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რაც მიუღებელი იყო ქართული საზოგადოების ნაწილისთვის და ჩემთვისაც. მიუხედავად ამისა, წლების შემდეგ, სხვანაირად დავინახე ყველაფერი. სხვა რაკურსით ვხედავ მიმდინარე პროცესის მოგვარების გზებს. რკინიგზის პრობლემა მაშინ ბევრად იოლი მოსაგვარებელი იყო, რადგან არ იყო ინტერესი აზერბაიჯანიდან. სომხეთს და რუსეთს ყოველთვის ჰქონდა ინტერესი. ეს თემა იმ პერიოდში ნაკლებად პოლიტიზირებული იყო. თბილისს არ უნდოდა, სოხუმს არ უნდოდა... ამ წინადადების არმიღებაში ერთმანეთს სხვადასხვა მხრიდან ვეთანხმებოდით. დღეს, აფხაზეთის რკინიგზის თემის მოგვარება რთულია, პოლიტიზირებულია. ამაში სხვადასხვა ქვეყანაა ჩართული: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, დასავლეთი. არ ვსაუბრობ აფხაზებზე და თბილისზე.
_ რამდენად კორდინირებულად მუშაობს ხელისუფლება აფხაზეთის მთავრობასთან?
_ ეს ყოველთვის იყო პრობლემა. თუმცა, 1990 წლების ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზეთის კომისიას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მომუშავე ჩვენს წარმომადგენლებს და მეტნაკლები კოორდინირება იყო, თუმცა შედეგი არ ჩანს. წინა ხელისუფლების პირობებში ამის პოლიტიკური ნება არ იყო, განზრახვაშიც არ ყოფილა. აფხაზეთის მთავრობა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი. შედეგად დარჩა მოუგვარებელი საკითხები.
_ თქვენ თუ იყავით ჩართული აფხაზებთან მოლაპარაკებებში?
_ აფხაზები მოლაპარაკებაში დევნილი სტრუქტურების ჩართვის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. პირველი შეხვედრა ქართველებსა და აფხაზებს შორის 1996 წელს ამერიკული ორგანიზაციის მეშვეობით მოხდა. შევარდნაძის დავალებით მე ვიყავი დელეგაციის ხელმძღვანელი. აფხაზურ მხარეს ბატონი ჯერგენია ხელმძღვანელობდა. მაშინ აფხაზებმა არ ისურვეს ჩემთან ლაპარაკი, სანამ შევარდნაძე არ ჩაერია. უთხრა: მიიღეთ ის, როგორც ჩემი პირადი წარმომადგენელი. მხოლოდ ამის შემდეგ, მოხერხდა ერთი-ერთზე 40 წუთი ჩემი და ჯგერგენიას შეხვედრა. ამის შემდეგ, მე არ ჩავრთულვარ მოლაპარაკებებში, რადგან ჩემ გამო მოლაპარაკება არ უნდა ჩაშლილიყო. ჩემთან მიმართებაში სიტუაცია რამდენიმე წლის უკან შეიცვალა. აქტიურად ჩავერთე მოლაპარაკებებში. გავჭერი ეს ხაზი და მიმიღეს. ბოლო პერიოდში ჟენევის პროცესში ჩაერთო აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი და აწ გარდაცვლილი ლორიკ მარშანია.
_ რა შედეგი მივიღეთ ჟენევის პროცესიდან?
_ შედეგს კი ვხედავთ მაგრამ, ჩემი აზრით, მოლაპარაკებები რა ცუდი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. არ არსებობს, მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღოს. მოლაპარაკების გაგრძელებას აფხაზები არ მიესალმებიან, რადგან ისინი თვლიან, რომ შედეგი, რომელსაც ელოდებოდნენ, ანუ ხელმოწერას კონკრეტულ საკითხებზე, ეს მიღწეული არ არის. ახლა არ არის ის სიტუაცია, რაც 2 წლის უკან იყო. ხმამაღალი ნათქვამი თუ არ გამომივა, გლობალური ცვლილებების წინ დგას საზოგადოება თუნდაც ევროპაში, ამერიკაში... ყოველ შემთხვევაში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რაღაც მომწიფებულია, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება, ისეთი დამოკიდებულება, რომ არაფერი გავაფუჭოთ.
_ ყველამ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ერთ დღეს ქართველმა, რომ მოინდომოს საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება...
_ აფხაზეთში ვერ შევალ, თუ მათ არ სურთ. ისინი ამისთვის ფსიქოლოგიურად უნდა იყვნენ მზად. აფხაზები ფიქრობენ, რომ გამარჯვების შემდეგ, 20 წელია დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრობენ. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ რაოდენობის ადამიანი მოულოდნელად შეხვიდე აფხაზეთში?! მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელად გამოგვყარეს, მოულოდნელად ვერ შევალთ. აფხაზეთი ცდილობს დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ არის საქართველოს ნაწილი. ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და არის აფხაზეთი. უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზეთს პრობლემები ჰქონდა თბილისთან პოლიტიკურ საკითხებში და არა საქართველოსთან. შიში, რომელიც აფხაზებს ჰქონდა თბილისის მიმართ, სწორედ ეს შიში უნდა გავუქარწყლოთ.
_ აფხაზებთან 20-წლიან მხოლოდ მოლაპარაკების პროცესს შედეგი არ მოაქვს. ხომ არ ჯობს სახელმწიფომ სხვა სტრატეგიაზე იფიქროს? ეკონომიკური სტრატეგიის ან სულაც აღიაროს «აფხაზეთის დამოუკიდებლობა» იმ პირობით, რომ თითოეული დევნილი დაუბრუნდება საკუთარ მიწა-წყალს? ზოგი ფიქრობს, რომ ამით საქართველო შეინარჩუნებს ქართველებით დასახლებულ აფხაზეთს.
_ აღიარება არ არის პანაცეა. საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ეს არც რუსეთს და არც დასავლეთს არ აძლევთ ხელს. საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა რომ აღიაროს, აფხაზეთს რუსეთი შთანთქავს. ეს სერიოზული თემაა. გავლენები არც დასავლეთს და არც საქართველოს ექნება. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მსოფლიოში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არავინ იღებს. სწორედ ამიტომ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროსაბჭო, ევრო პარლამენტი და ა.შ. ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ საერთაშორისო საზოგადოების აზრის საზიანოდ. ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს გლობალური უსაფრთხოების პრინციპებს. ამის პოლიტიკური ნებაც რომ იყოს, ქართული საზოგადოების აზრი ამისთვის მზად არ არის და მზად ვერც იქნება. საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ვერ შეეგუება აზრს, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
აფხაზები არ არიან მზად იმისთვის, რომ გაცვალონ «დამოუკიდებლობა» დევნილების დაბრუნებაზე. რადგან, რასაც თქვენ ბრძანებთ, დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, როცა იქ ქართველების 46% დაბრუნდება, რომელიც იქ ცხოვრობდა, შენთან ანგარიში ექნება გასაწევი; პარლამენტში, მთავრობაში და ბიზნესში შენთვის ადგილი ექნება გასაყოფი. ის არის დღეს ჰეგემონი აფხაზეთში, რომელიც ცხოვრების და პოლიტიკური წესს კარნახობს. სჭირდება ახლა მას დევნილების დაბრუნება?! ამიტომ, საჭიროა გარანტიები იმისა, რომ რაღაცები შენარჩუნდება - რაც დაიწერება და ვიღაცა გარანტად დაუდგება. ევროპა, ამერიკა, რუსეთი, თურქეთი, ჩვენ და ა.შ. კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა მიდგომები და ხედვებია. მაგრამ, ჩვენ არ გვიშვებენ აფხაზებთან სალაპარაკოდ, რადგან ინტერესთა თანხვედრა არ არის იმათი, ვინც ჩართულია ამ პროცესში.
_ 20 წელია ერთი და იგივე ადგილზე ვდგავართ, გამოსავალი სად არის?
_ საჭიროა არაორდინარული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, არა «აფხაზეთის დამოუკიდებლობის» აღიარება. არის სხვა ნაბიჯები, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების «კეისებშიც» ინახება. ასევე ინახება ცალკეული ქვეყნების ინტერესებში. კონფლიქტს დაწყება იოლი საქმეა, კონფლიქტის მოგვარება რთულია.
_ 20 წელია ქართველი ერი ელოდება კონფლიქტის მოგვარების გზას. თუ ასეთი გამოსავალი «კეისებში» დევს, რატომ არავინ საუბრობს ამაზე?
_ ამაში არის ახსნა. ჩემს მოსაზრებას გეტყვით: თქვენ და მე ვართ ქართველები, ვაკვირდებით პოლიტიკურ პროცესს. ძალიან გთხოვთ, ეს არ ამოჭრათ. ქართული საზოგადოება, არ არის მზად ფედერალური სახელმწიფოსათვის. არ ვლაპარაკობ კონფედერაციაზე. 1991 წლიდან აფხაზები ფედერალურ ქვეყანაში ცხოვრებას გვთავაზობდნენ, საქართველოს ფედერალური სისტემის მოწყობას. არსებობს გათვლები, რომ ფედერალური მოწყობა დაანგრევს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვსაუბრობ კონფედერაციაზე, რომლის კლასიკური მოდელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი გახლავთ. კონფედერაცია არის კატონები, მიწები, რომლებიც წარმოადგენენ ერთ სამართლებრივ სივრცეს შვეიცარიაში. მაგრამ, კონფედერაციის გაგონება ვნებათა ღელვას იწვევს. ასევე იყო ვნებათა ღელვა 1996 წელს, როდესაც საუბარი დაიწყო რკინიგზის მშენებლობაზე. საზოგადოების უმრავლესობა კატეგორიული ამის წინააღმდეგი იყო. აუცილებელია საზოგადოებამ გამოთქვას მზადყოფნა იმისთვის, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ ახალ წამოწყებას, რომელიც კონფლიქტს ჩიხიდან გამოიყვანს. შეიძლება რაზეც მე ვსაუბრობ, ამანაც ვერ გამოიყვანოს სიტუაცია კონფლიქტიდან, მაგრამ, ეს გზა რომ გავლილი გვექნება, ახლის ძიებას დავიწყებთ.
gurianews.com