2013-06-16
შიფრი აფხაზური საიდუმლოსათვის

«ივერონის» სტუმარია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

- ბატონო ვახტანგ, ქართულ პოლიტიკურ წრეებში დიდი ფორიაქი გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტის მიერ, მის ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ. ეს საკითხი, ყველაზე მეტად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას აღელვებს, «ივერონს» აინტერესებს თქვენი, როგორც აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია პუტინის ამ განცხადებასთან დაკავშირებით...

- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე წინ მე ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტის მოგვარების, ჩვენი შერიგების საკითხს ვაყენებ. სხვათა შორის, პუტინის იმ განცხადებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმავალ გზად სწორედ ეს - კონფლიქტის მოგვარება იყო შემოთავაზებული და, ჩემი აზრით, იმ განცხადებაში ყველაზე საინტერესო მომენტი ეს იყო.

- იყო იმ განცხადებაში ასეთი რამე, თუნდაც მინიშნების სახით?

- თვითონ ფაქტი, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების პერიოდში რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას გადაწყვიტა, პრაქტიკულად პირველად, საგანგებოდ მიემართა საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობისთვის, უკვე არის მინიშნებაც და, თუ გნებავთ, მიპატიჟებაც სასაუბროდ. ვისაც არ უნდა საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყება, იმან ეს შეიძლება ვერ დაინახა, ან არ დაინახა, მაგრამ ვინც ამ აუცილებლობას აცნობიერებს, ის პუტინის ამ განცხადებაში მისი მხრიდან ასეთ მზაობას აუცილებლად დაინახავდა.

- სხვათა შორის, ასეც მოხდა. ბევრმა ეს ვერ დაინახა ან არ დაინახა...

- ვერ დაინახეს მათ, ვისაც არ აწყობს დღევანდელი მთავრობის მიერ აღებული გეზი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისა და სურს სიტუაცია ძველ კალაპოტში დაბრუნდეს, მაგრამ რეალობაა და ფაქტიცაა ის, რომ იმ ძველმა გზამ ჩვენთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ, ახლა მთავარია ნერვებმა არ გვიმტყუნოს. რუსეთის მხრიდან გამოთქმული ვერც ყველა სიტყვა იქნება მოსაწონი და ვერც ყველა ქმედება, მაგრამ როგორც ვთქვი, მოთმინებითა და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივაღწიოთ საწადელს.

- კი მაგრამ პუტინმა კვლავ გაავლო წითელი ხაზი და თქვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას უკან ვერ წაიღებს...

- დიახ, მან ეს თქვა, მაგრამ იქვე ისიც თქვა, რომ საქართველოსაც აქვს თავისი წითელი ხაზებიო. საქართველო ვერ შეურიგდება ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვასო. აქ, ჩემი აზრით, ერთი დეტალი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ის ჟურნალისტის შემხვედრი შეკითხვის გამო კი არ გადავიდა საქართველოს წითელი ხაზების თემაზე, არამედ რუსეთის წითელ ხაზებზე საუბარს პირდაპირ მოაყოლა საქართველოს წითელ ხაზებზე საუბარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თემას იგი ჟურნალისტის მიერ, ასე ვთქვათ «იძულების» შემდეგ კი არ შეეხო, არამედ მას თავად ჰქონდა სურვილი ამ საკითხისთვის საქართველოს პოზიციებიდანაც შეეხედა. ამით კი არ მიგვანიშნა, პირდაპირ გვითხრა, რომ მას ესმის ქართველი ხალხის. ამიტომ მან საკითხი არ დახურა იმის თქმით, რომ რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების აღიარების საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ამ გადაწყვეტილების შეცვლის მექანიზმი აღარ არსებობსო, არამედ თქვა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა რუსეთის ხელში კი არ არის, ქართველების, აფხაზებისა და ოსების ხელშიაო. თუკი ქართველები და აფხაზები, თუკი ქართველები და ოსები შეძლებთ მოლაპარაკებას, საერთო ენის გამონახვას და მომავალი

ურთიერთობების დიალოგის გზით ჩამოყალიბებას, ამაში ხელს არ შეგიშლითო. ანუ მან გვიჩვენა გზა, საიდანაც უნდა დავიწყოთ, მან გვიჩვენა გამოსავალი, მოჯადოებული წრის გახსნის საშუალება და ესაა მთავარი. ჩვენ «განწირული» ვართ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის, ეს გარდაუვალია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება გადის აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტური დამოკიდებულების მოგვარებაზე, რაც მხოლოდ დიალოგით, მხოლოდ ინტერესთა შეჯერებისა და ორმხრივი ხელსაყრელობის პრინციპებიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი.

- აქ ისევ მივადგებით წითელი ხაზების თემას. როგორც ჩვენსა და რუსეთის ურთიერთობებში არსებობს წითელი ხაზები, ასევე არსებობს წითელი ხაზები ქართველებისა და აფხაზების, ქართველებისა და ოსების ურთიერთობაში...

- გეთანხმებით, მაგრამ მე ვერაფრით ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ ჩვენ აფხაზებთან ან ოსებთან ისეთი მძიმე თემით უნდა დავიწყოთ საუბარი, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. ამ დიალოგის პროცესში ჩვენ ერთმანეთი ჩიხურ მდგომარეობაში არ უნდა შევიყვანოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დიალოგის სამმხრივი, ოთხმხრივი და ა.შ. ფორმატები ჩავანცვლოთ დიალოგის ორმხრივი ფორმატით. სწორედ დიალოგის ორმხრივი ფორმატით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ ჩვენი მომავალი ურთიერთობები და ყველა დანარჩენი - რუსეთი, ევროპა, აშშ ჩვენს მიერ ერთობლივად მიღებული გდაწყვეტილების საერთაშორისო დონეზე დაკანონებისა და აღიარებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

- მეც გეთანხმებით, მაგრამ სად მთავრდება ეს წითელი ხაზები, დევნილთა დაბრუნების საკითხიც წითელ ზოლშია?

- წითელი ხაზები ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამას იქეთ ერთხელ და სამუდამოდ ტაბუდადებული და მკვდარი საკითხებია. მე იმას ვამბობ, რომ ომის უბედურების გამოვლისა და ამდენი ხნის გაუცხოვების შემდეგ დიალოგი მსუბუქი და ორივე მხარისათვის მისაღები საკითხებით უნდა დავიწყოთ. მოდით, ჯერ ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე

ვისაუბროთ, ბიზნესზე, რომელიც ორივე მხარეს აინტერესებს, ჯანდაცვის თემაზე, განათლების სფეროზე, სპორტზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე... უამრავი საკითხია, რომელიც უწყინარ თემათა რიცხვს მიეკუთვნება, მაგრამ ურთიერთობების დათბობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ გახსოვთ, ამას წინათ ანქვაბმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს განუცხადა: თქვენ თუ ისევ ჰუმანიტარული დახმარების დონეზე აპირებთ ჩვენთან ურთიერთობას, ეს დრო უკვე წავიდაო. დროა, რომ აფხაზეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთობები სხვა სიბრტყეზე გადავიტანოთ. თქვენ ამისთვის მზად თუ არა ხართ, მოდით ტაიმ-აუტი ავიღოთო. ანქვაბი ჭკვიანი კაცია და ამ სიტყვებს ის დაუფიქრებლად არ იტყოდა. ამის უკან რაღაც დგას, შეიძლება ეს «რაღაცა», საქართველოში ნაციონალური ხელისუფლების დამარცხებისა და ბიძინა ივანიშვილის «ქართული ოცნების» გამარჯვების შემდეგ დაწყებული ძვრებია რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. არ შეიძლება ანქვაბს ეს არ ეგრძნო, ევროპელებისთვის ტაიმ-აუტის შეთავაზება თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებში, ამას უნდა ნიშნავდეს. აფხაზებთან საუბარი თუ იმით დავიწყეთ, რომ რომ დევნილთა მასობრივი დაბრუნებით აფხაზეთში დღეს არსებული დემოგრაფიული ვითარება ჩვენს სასარგებლოდ უნდა შევცვალოთ, სიტუაცია იმთავითვე ჩიხში აღმოჩნდება, ანუ აღმოვჩნედებით იქ, საიდანაც ეს კონფლიქტი დაიწყო.

- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული ურთიერთობები აფხაზეთის ხელისუფლებასაც უბიძგებს და აიძულებს ახალი ეტაპის დადგომის აუცილებლობა გააცნობიეროს?

- უეჭველად. როგორც არ უნდა ელოლიავებოდნენ აფხაზები დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას, მათ შესანიშნავად იციან თავიანთი დამოუკიდებლობის ხარისხი, რომელიც ძალიან დაბალია. ამიტომ არ შეიძლება ისინი ვერ ხვდებოდნენ საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობას...

- ალბათ ასეა, მაგრამ ამ დიალოგში, როგორც მათთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელთა შესახებ თქვენ ზემოთ საუბრობდით, ისევე არსებობს ჩვენთვისაც, რომელიც იწყება იქ, სადაც იწყება აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე საუბარი. საქართველო დამოუკიდებელ აფხაზეთთან საუბარს ვერ დაიწყებს.

- ბუნებრივია. ამიტომ ვთქვი, რომ მოლაპარაკება იმთავითვე ჩიხში არ უნდა შევიყვანოთ არც აფხაზებმა და არც ჩვენ. თუ რუსეთისგან აფხაზეთის ხელისუფლება ასეთ მესიჯს (როგორც ახლა მოდაშია თქმა) მიიღებს, მაშინ ამ საქმეს პერსპექტივა ექნება. სწორედ ეს მენიშნა მე კარგად და დადებითად პუტინის იმ განცხადებაში, რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობთ. რუსეთის განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ხოლო თუ მოხერხდება ისე, რომ რუსეთის, აშშ-ისა და ევროპის პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით შეჯერდეს, მაშინ სერიოზული პერსპექტივა ექნება აფხაზებისა და ქართველების, ოსებისა და ქართველების შერიგებასა და თანაცხოვრებას.

- რა შემთხვევაში შეიძლება ამერიკისა და რუსეთის ინტერესები ამ საკითხთან დაკავშირებით რომ შეჯერდეს?

- მე ხშირად მეკითხებიან, - სად დევს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის გასაღებიო. ზოგი ამ გასაღებს რუსეთში ხედავს, ზოგიერთი ამერიკაში, ზოგიერთი ევროპაში და ა.შ. მე კი მგონია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას ერთი გასაღები არ მოერგება. სეიფი ხომ გინახავთ, რომელსაც ჯერ ერთი გასაღებით აღებენ, მერე შიგნით მეორე გასაღებით, კიდევ უფრო შიგნით მესამე გასაღებით, მაგრამ იმ სეიფს გარედან კიდევ კოდირებული შიფრი ადევს, რომლის ცოდნის გარეშეც სეიფს ვერანაირ გასაღებს ვერ მოვარგებთ. მე იმათაც ვეთანხმები, ვისაც პრობლემის გადაწყვეტის გასაღები რუსეთში ეგულება და იმათაც, ვისაც ეს გასაღები დასავლეთში ჰგონია გადამალული, მაგრამ იმ სეიფის შიფრი, რომელშიც აფხაზური საიდუმლო ინახება, ორი ხალხის - ქართველი და აფხაზი ხალხების ხელშია, უფრო სწორად, ორი ხალხის სულსა და გულშია, ერთად გამოვლილ საუკუნეებშია და იმ საუკუნეებში გამოტარებულ ერთნაირობასა, თანაზიარობასა და სიყვარულშია. ორ ხალხს ეს დიდი სიყვარული სხვებმა, გარეშე ძალებმა, შესაძლებელია შეგვიბღალონ დადაგვავიწყონ, მაგრამ როცა სიყვარულის აღდგენაზე მივა საქმე, როცა გულმა გული და სულმა სული უნდა მოძებნოს, აქ ნებისმიერი გარეშე ძალა უმწეო და უსუსურია. ეს მხოლოდ ჩვენი - აფხაზებისა და ქართველების გასაკეთებელია. ჩვენს შორის, წყენაც ყოფილა და ავი სიტყვაც, სიძულვილიც გაუღვივებიათ და ომის ქარცეცხლიც დაუნთიათ, მაგრამ არც იმის დავიწყება გვმართებს, რომ ჩვენს შორის უდიდესი სიყვარულიც ყოფილა და უდიდესი მშვიდობაც, მოფერებაც და ერთგულებაც. რომელი გადაწონის -

მტრობა და სიძულვილი თუ ძმობა და სიყვარული, ერთმანეთის მიმართ გაბოროტება თუ ის სიკეთე, რომელიც ორივე ხალხს მამა-პაპათაგან მოგვდგამს და დღემდე ულევად გაგვაჩნია, ეს მხოლოდ ჩვენი - ქართველი და აფხაზი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენს შორის არსებობს მენტალური განსხვავება, რომელიც ძალიან მცირეა, მაგრამ არსებობს მსგავსება და ერთნაირობაც, რომელიც ძალიან დიდია. აი, ესაა აფხაზური საიდუმლოს შემნახველი სეიფის შიფრი, ურომლისოდაც მას ვერცერთი გასაღები ვერ მოერგება - ვერც რუსული, ვერც ამერიკული და ვერც ევროპული. მე აფხაზეში დაბადებულსა და გაზრდილ კაცს, ვისაც მთელი არსებით უყვარს აფხაზი ხალხი, ღრმად მწამს, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, აფხაზი და ქართველი ხალხი ერთმანეთს იმ სინანულითა და მონატრებით შეხვდებიან, როგორც უბრად მყოფი და დიდი ხნის უნახავი ახლობლები, ვინაიდან არ არსებობს სიძულვილი, სიყვარულის გადაწონვა რომ შეეძლოს და არ არსებობს ქართველებსა და აფხაზებს შორის ისეთი დაპირისპირება, ძმათა შორის ერთიანობაზე მაღლა რომ იდგეს. Eესაა იმ საიდუმლო სეიფის შიფრი და ასე მგონია, ამ გზისკენ მიმავალი ვიწრო, თვალით ჯერ კიდევ ძნელად გასარჩევი ბილიკი იკვეთება, მეთქი, რაც მე, მართალია, ძალიან ფრთხილი, მაგრამ მაინც ოპტიმიზმის განწყობას მიქმნის.

- ბილიკში პუტინის განცხადებას გულისხმობთ?

- არა მარტო, მაგრამ ამასაც ვგულისხმობ.

- საინტერესო მეჩვენა ქალბატონ ნინო ბურჯანაძის განცხადება პუტინის ამ ნათქვამთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ პუტინის განცხადებას საქართველოში არაადეკვატური რეაქცია მოჰყვაო. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მისი ნათქვამის ადრესატის მიგნება არ გაგვიჭირდება. პუტინის განცხადებაზე ადეკვატურ რეაქციას ქალბატონი ნინო ნაციონალებისგან რომ არ მოელოდა, ეს ცხადია, ასეთ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ეს შეფასება «ქართულ ოცნებას» ეხებოდა. თქვენ ეთანხმებით ქალბატონ ნინოს ამ განცხადებას?

- სავსებით.

- ესე იგი, «ქართულ ოცნებასთან» და ბიძინა ივანიშვილთან წინააღმდეგობაში მიდიხართ?

- არავითარ შემთხვევაში.

- ეს როგორ გამოდის?

- ქალბატონმა ნინომ შეფასება მისცა არა «ქართული ოცნების» და, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის რეაქციას პუტინის განცხადებაზე, არამედ იმ ცალკეულ პოლიტიკოსთა, დეპუტატთა თუ თანამდებობის პირთა გამონათქვამებს, რომლებიც ამასთან დაკავშირებით მედიაში ისმოდა. ეს საკითხის ერთი მხარეა და მე ამაში ქალბატონ ნინოს აბსოლუტურად ვეთანხმები. პუტინის განცხადებას მართლაც არაადეკვატური რეაქციები მოჰყვა საქართველოში ( თუმცა ქვეყანაში არსებული ფონის გათვალისწინებით, ეს არცაა გასაკვირი), მაგრამ არის მეორე მხარე, რომელიც უმთავრესია. რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომ არა მისი მონდომება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისა, მაშინ ვერც ქართული პროდუქცია შევიდოდა რუსეთის ბაზარზე და ვერც პუტინის ის განცხადება გაკეთდებოდა, რომელიც იმედის ნიშან-სვეტს აჩენს. ამ შემთხვევაში ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია კი არ არის მთავარი, პუტინის რეაქციაა მთავარი. პუტინის ეს განცხადება თავად იყო დადებითი და პოზიტიური რეაქცია ბიძინა ივანიშვილის მიერ ნათქვამსა და გაკეთებულზე. ასე რომ, ქალბატონ ნინოს განცხადება სწორია, მაგრამ რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, სწორი აღმოჩნდა ბატონ ბიძინას ძალისხმევა და მიმართულება. ასე ვაფასებ პირადად მე პუტინის იმ განცხადებას, რომლის შესახებაც დღეს თქვენ კომენტარი მთხოვეთ. თუმცა, ვიმეორებ, ჯერ-ჯერობით ისეთი არაფერი თქმულა და გაკეთებულა, რომ სიხარულის ყიჟინა დავცეთ და ქუდი ჭერში ვისროლოთ, მაგრამ როგორც იტყვიან, ყინული დაიძრა. ჩვენ ყველა მომენტი უნდა გამოვიყენოთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სოჭის ოლიმპიადა ახლოვდება. პუტინი, ბუნებრივია, დიდად არის დაინტერესებული ამ ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებით. ოლიმპიადამდე ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყება, მას ოლიმპიადის უსაფრთხო ჩატარების ერთგვარ გარანტიას მისცემს. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული იქნება, რომ ცხინვალის 2008 წლის პრეცედენტი 2014 წელს აფხაზეთში არ განმეორდება. სხვა რომ არაფერი, პუტინი ამის გამოც
შეუწყობს ხელს ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგის დაწყებას. ესეც გამოსაყენებული ფაქტორია.

- ეს ყველაფერ სწორი ჩანს, ოღონდ, ჩვენი გადასახედიდან. საინტერესოა, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი აფხაზური გადმოსახედიდან?

- ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ხომ ნახეთ, რა გაფაციცებით ვადევნებთ თვალ-ყურს ქართველები ყველაფერ იმას, რასაც, ვთქვათ, პუტინი საქართველოს შესახებ ამბობს. სიტყვებს შორის, სტრიქონებს შორის ვეძებთ მინიშნებებს და ა.შ. მაგრამ აფხაზები ჩვენზე გაფაციცებით ადევნებენ თვალ-ყურს ყველაფერ იმას, თუ რას იტყვის პუტინი საქართველოს შესახებ, ვინაიდან მათ შესანიშნავად იციან, რასაც ნიშნავს აფხაზეთისთვის რუსეთის ნორმალური და პარტნიორული დამოკიდებულება საქართველოსთან. ამიტომ, რაკი პუტინმა, მართალია, არა პირდაპირ, მაგრამ მაინც ქართველებს და აფხაზებს დიალოგისკენ მოგვიწოდა, ეს აფხაზებისთვისაც ნიშანია, რომლის იგნორირებასაც ისინი ისე უბრალოდ და ვაგლახად არ მოინდომებენ. ასე რომ, ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობაში ახალი პერსპექტივები ჩნდება, რასაც, გონივრული გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება დადებითი შედეგები მოჰყვეს.

- შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ პუტინის იმ განცხადებაში არამარტო სურვილი ჩანდა აფხაზეთთან და ცხინვალთან შექმნილი მდგომარეობაში გარკვეული კორექტივების შეტანისა, არამედ თითქოს სინანულის ნოტებიც ისმოდა იმის გამო, რაც მოხდა. თქვენც ხომ არ გაგიჩნდათ ასეთი განცდა?

- ეს ჩვენი განცდა კი არა, ჩვენი სურვილი უფროა, ალბათ, რადგან ადამიანები ხანდახან სასურველს რეალობად აღვიქვამთ. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით ბევრჯერ ჩავარდა უხერხულ და უსიამოვნო მდგომარეობაში, თუ გავითვალისწინებთ იმ რეზოლუციებსა და დოკუმენტებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ოკუპანტის მძიმე იარლიყი ამძიმებს რუსეთისა და პირადად მისი ხელმძღვანელის საერთაშორისო იმიჯს, ამგვარი სინანულის არსებობა შეძლება მარტო სასურველი კი არა, რეალობაც იყოს,

მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რუსეთი დიდია, ძლიერია და მარტო სინანულის გრძნობით არ იხელმძღვანელებს. ამიტომ მასთან მიდგომებში უნდა ვიყოთ ფრთხილი და გონიერი. ახლა ის დრო დადგა, რომ უკვე ყველა მხარე, რუსეთიც კი, სიფრთხილითა და გონიერებით ცდილობს საკითხისადმი მიდგომას და ეს იმედის საფუძველს მაძლევს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც გონივრული, ფრთხილი, მოზომილი, რეალისტური და ადეკვატური ნაბიჯების შემთხვევაში.