აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2013-11-25
"მთავარია, აფხაზეთმა დაიჯეროს, რომ საქართველოს მხრიდან საფრთხე არ ემუქრება"

"გურია NEWS"

საქართველოს ახალ მთავრობას კონფლიქტურ რეგიონებთან სიტუაციის მოგვარების მშვიდობიანი კურსი აქვს არჩეული. როგორ აპირებს თანამშრომლობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახალ ხელისუფლებასთან, რა რეორგანიზაციები მიმდინარეობს უწყებაში და რა ახალი სამოქმედო პროგრამები არსებობს დევნილებთან დაკავშირებით, ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გვესაუბრება.

_ ბატონო ვახტანგ, მთავრობის ცვლილებასთან ერთად, რა ცვლილებებია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში?

_ ჩვენი სამოქმედო პრიორიტეტები დღეს განსხვავებულია. ვინაიდან, საბედნიეროდ, ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა. წლების განმავლობაში დევნილი ხელისუფლება, ვერაფერს აკეთებდა იმ სტრუქტურებთან დაპირისპირების გამო, რომელთაც რეალურად უნდა ეკეთებინათ საქმე. ეს იყო დევნილთა, რეინტეგრაციის და სხვა სამინისტროები, რომლებზეც მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული დევნილთა ეკონომიური და სოციალური მდგომარეობა. ამიტომ, დევნილთა მთავრობა საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა.

1 ოქტომბრის შემდეგ რეალური ღონისძიებების დაგეგმვის საშუალებები გაჩნდა. დევნილთა, რეგიონული ინფრასტრუქტურის და განვითარების, სოფლის მეურნეობის და სხვა სამინისტროებთან ერთად, რომლებიც დევნილთა შრომით მოწყობას, ჯანდაცვის პრობლემების გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მრავალ სხვა საკითხს ეხება.

სწორედ მათი განხორციელებისთვის იღვწის ახლა ჩვენი მთავრობა. ვფიქრობთ, არც შედეგი დააყოვნებს. რამდენიმე მაგალითიც შემიძლია მოგიყვანოთ:

დევნილთა სამინისტროსთან მოლაპარაკების შედეგად, სოხუმის უნივერსიტეტთან ხელი მოვაწერეთ ერთობლივ მემორანდუმს, რომელიც მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტებს ჩვენს სტრუქტურებში სტაჟირების გავლის საშუალებას აძლევს; ასეთივე მემორანდუმი გაფორმდა "პრივატ ბანკთან", რომელმაც თავის სისტემაში უკვე 20-მდე ახალგაზრდა სპეციალისტი დაასაქმა; იგეგმება ასევე 300-დან 500-მდე ახალგაზრდის სტაჟირება "პრივატ ბანკში", რომლებიც მემორანდუმის თანახმად, შემდეგ ამავე ამავე სტრუქტურაში დასაქმდებიან.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად, რომელიც ახლა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს, ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე. საკითხი ეხება უშუალოდ შრომით წარმოებას და დევნილთა დასაქმებას, რაც ყველაზე მტკივნეული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დევნილთათვის.

რეორგანიზაცია დაწყებულია ჩვენს აპარატშიც. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები გავაუქმეთ. ჩვენი მთავრობის სტრუქტურებში ისინი ყველაზე არარელევანტური, შესაბამისად, ახალ რეალობაში, რეფორმების გატარების გზაზე, ზედმეტნი აღმოჩნდნენ, რასაც ვერ ვიტყვი ამ სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებზე. მათ მიეცემათ საშუალება საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ. ამის შესაძლებლობას ჩვენ მათ მივცემთ, თუ საჭირო გახდება გადამზადების გზებსაც მივმართავთ, რათა მათი დასაქმება სწორი მეთოდებით მოხერხდეს.

_ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს აფხაზეთის მთავრობა და რა არის თქვენი სამოქმედო პრიორიტეტები?

_ კონფლიქტის მოგვარება არის ერთ-ერთი პრიოტიტეტი საქართველოს მთავრობისთვის. ეს აფხაზეთის მთავრობისთვისაც მთავარი გამოწვევაა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმგვარად, რომ ხელი შევუწყოთ ხელისუფლების მიერ დეკლალირებულ კურსს. ხალხს ნდობა აქვს დაკარგული აფხაზეთის მთავრობის მიმართ. ამის გამოსწორება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. ჩვენ ამ გამოწვევას ვღებულობთ.

რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტის მოგვარებას, მთავარ პრობლემას სოხუმი დღეს დევნილების დაბრუნებაში ხედავს. ამიტომ იქ არ უნდა იყოს ისეთი განცდა, რომ დევნილების დაბრუნებით აფხაზეთში ყველაფერი აირევა. აი, სწორედ აქ მოგვიწევს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ძალიან სერიოზული და ფაქიზი მუშაობა.

_ როგორ აპირებთ ახალ პრემიერთან მუშაობას?

_ მე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან ჯერ არ მქონია შეხვედრა. ალბათ, უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა შედგება. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს გავაცნო ჩვენი სამომავლო გეგმები და ვესაუბრო იმ რეფორმების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. მთავრობის დამტკიცებისას, პარლამენტში საბოლოო გამოსვლისას პრემიერ-მინიტრმა დიდი დრო დაუთმო დევნილთა პრობლემებს და მათი მოწესრიგების გზებს. ეს დიდი იმედია ჩვენთვის. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ სწორედ მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობის შედეგია ჩვენი დღევანდელი მოკრძალებილი მიღწევები. იმასაც დავამატებ, რომ აფხაზეთის მთავრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პრეზიდენტისა და პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე სრულფასოვნად ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. ეს მრავალი წლის გამოცდილებამ კარგად დაგვანახა.

_ ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად თქვენი მთავრობის ბიუჯეტი თუ შეიცვალა?

_ ჩვენ ცენტრალური ბიუჯეტიდან ვფინანსდებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ადმინისტრაციულ ხარჯებს ფარავს. ამაში იგულისხმება ხელფასები, მივლინებები, სხვა აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯები და, რაღა თქმა უნდა, დევნილთა ფულადი კომპენსაცია. ზოგს - ასი, ზოგს - ორასი ლარით ვეხმარებით. ეს ძალიან მცირე დახმარებაა, მაგრამ რეფორმების მიმდინარეობის კვლდაკვალ, ვფიქრობთ ფულადი კომპენსაციების გაზრდასაც, რაც უწინარესად გარკვეული ეკონომიის ხარჯზე შეიძლება მოხერხდეს. ვაპირებთ სრულიად შეუწყნარებელ, ბიუროკრატიულ მიდგომასთან შებრძოლებასაც. მაგალითად, როდესაც დევნილის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სამინისტროდან სამინისტროში უხდება სიარული, რომ ეს მცირედი დახმარება მიიღოს, დახმარების მიღების პროცესი უსასრულოდ ჭიანურდება. ადამიანიც, ბუნებრივია, თავს დამცირებულად და აბუჩად აგდებულად მიიჩნევს.

განათლების საკითხებში სხვა ცვლილებებთან ერთად გამოვყოფდი სტუდენტთა წახალისების ფონდის ჩამოყალიბების იდეას. უკვე გამონახული გვაქვს საშუალებები და ფინანსური რესურსები დევნილი სტუდენტებისთვის ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გასაგზავნად, განათლების მიღების მიზნით. თავდაპირველად შევარჩიეთ ის ქალაქები, სადაც სწავლება არ არის ძვირი და მიუწვდომელი. მაგალითად, შვედეთსა და ფინეთში. თანაც შეირჩევა ის სპეციალობები, რომლებიც მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში და მათ შემდგომ დასაქმებას პრობლემას არ შეუქმნის. ჩვენ ვაფინანსებთ ასევე აფხაზეთის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრს, საბავშვო თეატრ - „თეთრ ტალღას", აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, აფხაზეთის კაპელას, ყველაფერი ეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელთა ხელსეწყობა არა მარტო აფხაზეთის მთავრობის, არამედ ყოველი ჩვენგანის ვალიცაა, ჩვენი ბიუჯეტიდან დევნილ მოსახლეობისათვის ასევე ვაფინანსებთ ჯანდაცვისა და განათლების სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს, რომელთა ჩამოთვლაც, ვფიქრობ,შორს წაგვიყვანს.

_ დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიუხედავად, ბევრი ისევ მის გარეშე რჩება. რაიმე სიახლე ხომ არ იგეგმება ამ მიმართელებით?

_ ბინების განაწილების პროცესი არ არის ჩვენი მთავრობის პრეროგატივა. ამ საკითხს ცენტრალური ხელისუფლება განაგებს. ჩვენი მოვალეობაა, ხელისუფლებას მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმცია დევნილთა სოციალური მდგომარეობის შესახებ. შერჩევის კრიტერიუმები კი დევნილთა სამინისტროს აქვს შემუშავებული.

_ თუ იგრძნობა აფხაზეთის თვითაღიარებული ხელისუფლების მესვეურთაგან დაინტერესება ითანამშრომლონ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან და თქვენ როგორ გამოიყენებთ იმ კონტაქტებს, რომელიც აფხაზებთან გაქვთ?

_ აფხაზეთში ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ მძლავრად იკიდებს ფეხს აფხაზეთში რუსული პოლიტიკა, რაც აფხაზების დიდ აღფრთოვანებას არ იწვევს. მათ აქვთ საკუთარი ინტერესები, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს რუსების დაუოკებელ მიდრეკილებასთან, ყველა და ყველაფერი აკონტროლოს.

რაც შეეხება კონტაქტებს, 10 წელია, ვინარჩუნებთ ამ ურთიერთობებს ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ დონეზე. თუ თავის ქებაში არ ჩამომერთმევა, იმის თქმაც შემიძლია, რომ ჩემი დანიშვნამ თანამდებობაზე აფხაზებმა პოზიტიურად აღიქვეს. ეს თავად მითხრეს ჩვენი ბოლო შეხვედრისას. არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ ხვალ გარღვევა მოხდება ჩვენს ურთიერთობებში. მაგრამ დღეს იმის საშუალება მაინც არის, რომ ბრაზისა და ბოღმის გარეშე ვისაუბროთ მტკივნეულ საკითხებზე და ერთმანეთს მოვუსმინოთ. წვეთი ქვას ხვრეტს. ამიტომ, ამ ეტაპზე ის უნდა შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს და მოთმინებით და რუდუნებით მივაღწიოთ იმას, რაც ორივე მხარისთვისაა მისაღებიც და სასარგებლოც.

_ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

_ მე ჟენევის 24-ე და25-ე რაუნდში მივიღე მონაწილეობა. სიტუაცია არ არის მარტივი.

არც მოლოდინი იყო სხვაგვარი. დღეისთვის იმის თქმა შემიძლია, რომ რაიმე განსაკუთრებული და საეტაპო კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში არ მომხდარა. მაგრამ იმედს მაძლევს ის, რომ განწყობა დადებითია. გაღიზიანება და ნეგატიური ფონი ჟენევის შეხვედრებს აღარ ახლავს თან. რა თქმა უნდა, პრინციპული და ცხარე საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ ეს თანმდევი პროცესია და მოლაპარაკებას არ აფერხებს. ჩვენ ვუფრთხილდებით ჟენევის ფორმატს, ვინაიდან დღეისათვის ეს ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, რომელიც აფხაზებთან შეხვედრის და მოლაპარაკების საშუალებას გვაძლევს. გასაგებია, რომ ეს არ არის დიდი ნუგეში აფხაზეთიდან იძულებით დევნილთათვის, მაგრამ თუ ისტორიასაც გადავხედავთ, ასე იწყებოდა ის, რისი იმედიც არავის ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ამიტომ ვეთანხმები იმას, ვინც თქვა: "არასოდეს თქვა არასოდეს".

_ გალში პასპორტების ჩამორთმევასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ?

_ საუბარია 25-26 ათას ადამიანზე, რომლებსაც აღებული აქვთ აფხაზური პასპორტი. ეს ის ხალხია, რომლებიც ცხოვრობენ გალის საზღვრისპირა სოფლებში და დღევანდელი დაყოფით ეკუთვნის ოჩამჩირეს და ტყვარჩელს. სადღაც 300-დან 500-მდე პასპორტი მიიჩნიეს უკანონოდ გაცემულად. ეს უფრო კონიუნქტურაა, რომელსაც ლაკობა უჭერს მხარს და გაუცნობიერებელი გამოთქმებითაც საქმეს ართულებს. ის სხვა პოლიტიკოსების თამაშს უფროა აყოლილი, რომელიც პირადად მას სასიკეთოს არაფერს მოუტანს.

აფხაზ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გალის მოსახლეობის მიმართ ასეთი შერჩევითი დამოკიდებულება თვითონ აფხაზებს არ აძლევს ხელს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია დალაგდება და ქართველებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება კვლავ აღდგება.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ქართველმა, რომ აფხაზებსა და ჩვენს შორის არსებული უფსკრული აღმოიფხვრას. როგორ უნდა მიეცეს განვითარება ჩვენს ურთიერთობებს?

_ ის გეზი, რაც აღებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ არ შეეცდება კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას, ეს არის მთავარი მესიჯი აფხაზებისთვის. მთავარია, აფხაზეთმა და სოხუმმა დაიჯეროს, რომ საქართველოს მხრიდან მათ არ ემუქრებათ საფრთხე, რომ საქართველო მათ მიმართ არის კეთილგანწყობილი, რომ თითოეული ქართველი ასეთი განწყობით ცხოვრობს. ამის დანახვა და მოსმენა აფხაზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება გვმართებს. ჩვენ ერთად გვიცხოვრია, კეთილი საქმეები გვიკეთებია. მათთან ერთად ხომ ბევრჯერ გვიბრძოლია და დაგვიღვრია სისხლი ჩვენი სამშობლოსთვის. საერთო სამშობლო დაგვიცავს. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა,რომ ამგვარი თანაცხოვრების ტრადიციის აღდგენა აბსოლუტურად შესაძლებელია.

ცისანა შერგილაშვილი
„გურიაNEWS"