2013-11-02
შიდა დაპირისპირებები აფხაზეთში - ვინ და რატომ თამაშობს წაგებულ თამაშს და რას მოგვიტანს ჟენევის მოლაპარაკებები

sazogadoeba.ge

4 ნოემბერს ქართული დელეგაცია ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს. მოლაპარაკებების სამუშაო შეხვედრებზე, რომელიც 5-6 ნოემბერს გაიმართება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი, ვახტანგ ყოლბაიას მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, საუბარი ოკუპირებული ტერიტორიების სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებულ საკითხებს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც შეეხება.

-ეს იქნება პირველი შეხვედრა ახალი პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ და შესაბამისად, ქართულ დელეგაცია პოზიტიური განწყობით მიემგზავრება, - აცხადებს ჩვენთან საუბარში ბატონი ვახტანგ ყოლბაია.

ვახტანგ ყოლბაია: საქართველოს ჰყავს ახალი პრეზიდენტი. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ პრობლემური საკითხების განხილვისას პოზიტიური გზავნილების მოლოდინი უნდა გვქონდეს. თუმცა, გადაჭარბებულიც - არა, ვინაიდან არსებული მდგომარეობის შეფასებები სერიოზულად განსხვავდება ერმანეთისგან. როგორც ცნობილია, მოსკოვი ელოდება, რომ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. ეს თემა უკვე "ყბადაღებულია".

- და არსებობს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის ალბათობა?

- ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა. გარკვეული ურთიერთობების გადახედვის მზაობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მე სრული ინფორმაცია არ მაქვს, შეიძლება, ჟენევის ჯგუფში მეტი იციან. თბილისისადმი დამოკიდებულება, შესაძლოა, შეცვლილი იყოს ამ შემთხვევაში.

ბუნებრივია, საუბარი ამით არ ამოიწურება, ვფიქრობ, განვიხილავთ სხვა მნიშვნელოვან თემებსაც. მაგალითად, კონფლიქტური რეგიონების სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებულ საკითხებს. ვისაუბრებთ აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში შექმნილ ვითარებაზე, რეალურად არსებულ მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია ე.წ. საზღვრისპირა რაიონებში, ცნობილ მავთულხლართებზე, კონფლიქტის ზონაში არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე და ა.შ.

- აფხაზეთში გარკვეულ შიდა დაპირისპირებებს აქვს ადგილი, ამბობენ, ახლანდელი დე-ფაქტო პრეზიდენტი ქართველებთან ურთიერთობების დათბობაზე საუბრობს და ამის გამო, მისი იმპიჩმენტიც კი მოსალოდნელიაო. სტანისლავ ლაკობას გადაყენებასაც მის მიერ ქართველებისთვის პასპორტების გაცემის საწინააღმდეგო ქმედებებს უკავშირებენ. ხომ არ განიხილება ეს საკითხი კონფლიქტის მოგვარების წინაპირობად? რა ვითარებაა დღეს აფხაზეთში? როგორია ხალხის განწყობა?

- რაც ხდება დღეს აფხაზეთში, პრინციპში, ლოგიკურია. აფხაზური საზოგადოება ჩაკეტილ სივრცეში დარჩა. გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, შიდა პოლიტიკურ ინტერესთა კონფლიქტი და ამან ამ ვიწრო საზოგადოებაში თავი ვერ შეინახა. საერთოდ აფხაზურ საზოგადოებას ახასიათებს "ჩაკეტილობა", მათ საკუთარი პრობლემები გარეთ არ გამოაქვთ. ამ შემთხვევაში, ეტყობა, საკმაოდ პრინციპული შეფასებებია და დაპირისპირებული მხარეები, როგორც იტყვიან ერთმანეთს არ ინდობენ. გახსოვთ, ალბათ, წინა „არჩევნების" პერიოდი, როცა ბაღაფშს ირჩევდნენ. მაშინ მოხდა დაპირისპირება მოსკოვსა და სოხუმს შორის- აფხაზურმა საზოგადეობამ არ მიიღო პუტინის კანდიდატურა და არჩევნების დროს კრემლის ფავორიტი ხაჯიმბა „ჩავარდა". ამის მერე ის ოპოზიციაში გადავიდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით, ის მაინცდამაინც არ სარგებლობს დიდი მხარდაჭერით ფართო საზოგადეობაში. ამასთან არსებობს ვიწრო პარტიული ინტერესები, რომლის მთავარი მიზანია, დააგროვონ დივიდენდები საპარლამენტო თუ პოლიტიკურ ბრძოლაში და მოვიდნენ სათავეში, ხელისუფლების რომელიმე შტოში.

ხაჯიმბას, როგორც უკვე აღვნიშნე, ცოტა არ იყოს, პრობლემები აქვს თავის წრეში. ანქვაბს უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ის სხვაგვარი გაქანების პიროვნებაა და ხაჯიმბას უჭირს მასთან ბრძოლა. ანქვაბი ცდილობს შეინარჩუნოს იმიჯი, რომელიც მას ადრე ჰქონდა -პრინციპული, სუფთა პოლიტიკოსისა, ცდილობს გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც, მისი აზრით, გამოადგება სამომავლოდ აფხაზეთს საერთაშორისო ასპარეზზე. არის დიდი მცდელობა, შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს აფხაზეთში დემოკრატიული საზოგადოება ვითარდება. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ის, რაც აფხაზეთში დღეს ხდება, ნაკლები კავშირი აქვს ცივილიზებული სამყაროს დამკვიდრებულ პროცესებთან. ბევრ აფხაზს, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოსწონს, მაგრამ ისინი აპელირებენ „დამოუკიდებელი ქვეყნის უსაფრთხოების მოთხოვნით" და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში კრიზისი გადაივლის, ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი და მოღვაწე მიხვდება, რომ ამით ავნებენ აფხაზეთის რეპუტაციას, აფხაზი ერის სახელს და აქედან გამომდინარე, თამაშობენ წინასწარ წაგებულ პოლიტიკურ თამაშს.

ძალიან მიკვირს ლაკობას ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ის იყო ანქვაბის ერთ-ერთი მხარდამჭერი, ერთად მოვიდნენ ხელისუფლების სათავეებში. მერე რაღაც მოხდა, მაგრამ... ლაკობა არის პოლიტიკოსი, რომელიც გამოირჩევა ხისტი პოზიციით, პირდაპირობით და მას, როგორც პოლიტიკოსს, ეს შეიძლება ეთვლებოდეს ნაკლად, რადგან დიდ პოლიტიკაში საჭიროა სხვა ხედვებიც. ეს პოზიცია, გარკვეულ ეტაპზე, ვიღაცისთვის შეიძლება მისაღებიც იყოს, მაგრამ როგორც ვთქვი, ლაკობას და ხაჯიმბას ასეთი პოზიცია, ქართველი მოსახლეობისადმი ასეთი დამოკიდებულება, არ შეიძლება მათთვის, საბოლოო ჯამში, მომგებიანი იყოს. ლაკობა გადადგა, გადადგა მისი მოადგილე, ვერ ვიტყვი რომ ამით რამე შეიცვლება კონფლიქტის მოგვარების კუთხით, მთლიანობაში მაინც არაფერი შეიცვლება ამ თვალსაზრისით, თუმცა... სწორია, რომ დღეს ჩვენ არ ვერევით მათ საქმეში. მათ თვითონ უნდა გაიაზრონ და მიიღონ გადწყვეტილება, რა არის უკეთესი. სამწუხაროა ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს აფხაზეთში და სინანულის გარდა აქ სხვა გრძნობები არ შეიძლება დაგვეუფლოს.

თქვენ მკითხეთ ურთიერთობის დათბობის ალბათობაზეც. მაგრამ... სამწუხაროდ, ამის ნიშნები კვლავინდებურად არ შეიმჩნევა. პირიქით, ანქვაბი დგას იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც იდგნენ მანამდე არძინბა, ბაღაფში, და ა.შ. სხვაგვარად ისინი ვერ მოიქცევიან, თუ გარეთ და შიგნით კონიუქტურა არ შეიცვალა და ამაში ისინი თვითონ არ დარწმუნდნენ. მიდის ბრძოლა პოლიტიკური მიზნებისთვის და არა რეალურად აფხაზეთში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის. ხაჯიმბას უნდა პრეზიდენტის სკამი. როგორ მოიქცევა ის, თუ მიზანს მიაღწია, ჯერ არავინ იცის. კარჩაკეტილობის პოლიტიკა, რომელიც ახლა აფხაზეთში ტარდება, აფხაზებს, როგორც ეთნოსს, კარგს არაფერს უქადის. ამას აფხაზი მოსახლეობა მალე მიხვდება. იმისთვის რომ მოსახლეობამ გადაირჩინოს აფხაზური კულტურა და ენა, სხვა პოლიტიკის გატარება მოუწევს. ეს იქნება ანქვაბი თუ ვინმე სხვა. არ მგონია, ხაჯიმბა იყოს ის კაცი, რომელიც შეძლებს ანქვაბის შეცვლას ამ სიტუაციაში.

სამწუხაროა, რომ დღეს კონტაქტების უკმარისობა არსებობს, თუმცა მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ოპტიმისტურად არის განწყობილი. აუცილებლად უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. უნდა გავიაზროთ, რომ სულსწრაფობა ვერაფერს გვიშველის. არის მომენტები, როცა ცდა უფრო მომგებიანია, ვიდრე რომელიმე პროცესის ხელოვნურად გააქტიურება. სხვა შემთხვევაში, შედეგი შეიძლება ნაკლებად მომგებიანი და ეფექტიანი იყოს. გასაგებია, რომ ძნელია ამაზე ლაპარაკი 20-წლიანი ლოდინის შემდეგ, მაგრამ...

კონფლიქტის დაწყება იოლია, მისი მოგვარება კი რთული, მძიმე გზის გავლა გვიწევს... და ეს გზა უნდა გავიაროთ ...