2013-06-14
ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი მსოფლიო თანამეგობრობისთვის აქტუალური რჩება

საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, გაეროს მიერ მიღებული ახალი რეზოლუციიდან საქართველო რეალურ შედეგებს უნდა ელოდოს.როგორც ვახტანგ ყოლბაიამ ,,ნიუსპრესთან" საუბარში აღნიშნა, გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაში, ხაზი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უნდა გაესვას.

,,პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესების მიმართ. მნიშველოვანია ისიც, რომ შეინიშნება კონფლიქტების მიმართ, ქართული მხარის მხარდამჭერთა რიცხვის მზარდი დინამიკა, ანუ საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აქტუალური რჩება და რაც ყველაზე მთავარია, რეზოლუცია რჩება მძლავრ საერთაშორისო ინსტრუმენტად, აფხაზეთის შესახებ სხვადასხვა დონის მოლაპარაკებების დროს, თუმცა, სასურველია, რომ ამ რეზოლიციას კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვეს" - განუცხადა ,,ნიუსპრესს" ვახტანგ ყოლბაიამ. შეგახსენებთ, რომ რეზოლუცია დევნილების დაბრუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გუშინ მიიღო.