აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2014-01-21
ვახტანგ ყოლბაია: „არ გამოვრიცხავ, რომ ფილიპ ლეფორს ახალი თანამდებობის მიღებასთან დაკავშირებით, პირადი ზრახვებიც ამოძრავებდეს“

აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაცია, აფხაზეთის სიღრმეში სასაზღვრო ზონის 11 კილომეტრით გადმოწევა, ფილიპ ლეფორის სკანდალური განცხადება, გავრცელებული ინფორმაცია გალში კაზაკთა რაზმების შემოყვანის შესახებ - ეს ის საკითხებია, რომლებთან დაკავშირებითაც Abkhazia News-მა ინტერვიუ სთხოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას.

- ბოლო დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აქტიურად მიმდინარეობს რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის პროცესი. რა სირთულეებს აწყდებით ამ მხრივ?

- ყველა სიახლე, რომელიც უწყების რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციას ეხება, ადამიანებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც ძალიან მტკივნეულია. რომ გითხრათ, რომ ეს პროცესი იოლად მიმდინარეობს, ასე არ არის. ვცდილობთ პროცესმა ნაკლები დაძაბულობის ფონზე ჩაიაროს და მოულოდნელობები გამოირიცხოს.

რეფორმებმა და რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის პროცესმა ერთი რამ აშკარად დაგვანახა. ჩვენს სამინისტროებში ასეთი დაბალი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ადამიანების თავმოყრა, გაბერილი საშტატო ერთეულებით, სრულიად შეუწყნარებელია. ასე ვერც მთავრობა იმუშავებს და ვერც მასში შემავალი სტრუქტურები  გახდებიან ვერაფერს. მოგიყვანთ მაგალითს, რომელიც დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგცემთ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემოვიდა 600-ზე მეტი განაცხადი, შემდეგ ეტაპზე გადავიდა 55, ხოლო საბოლოოდ 6 კაცი გავიდა, აქედან - 3 -თბილისელია, 1-აფხაზეთის მკვიდრი და მხოლოდ სამია ძველი სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კონკურსში, მიუხედავად ყოფილი კოლეგების ზეწოლისა-მათ ხომ „უნდობლობა  გამოუცხადეს" კომისიას. ვაკანსიები კვლავ შეუვსებელია. დამეთანხმებით, რომ სავალალოა, როცა სამსახურის მაძიებელთა პროფესიული დონე ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ საკონკურსო მოთხოვნებს. ბევრმა თურმე ისიც არ იცოდა, რომ კონკურსის შემდეგ გასაუბრებაც უნდა გაევლო. თუმცა ისეთებიც აღმოჩნდნენ, კონკურსი რომ ვერ გადალახეს და ამისთვის ბოდიში მომიხადეს. პირველად აფხაზეთის მთავრობის ისტორიაში, ჩვენ მოვინდომეთ ახალი სამინისტროს თანამშრომლების კონკურსის წესით  დაკომპლექტება. კადრების 70 % ვაკანტურად გამოცხადდა. პროცესს თვალს ადევნებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ამას წინ უძღოდა კონსულტაციები  სხვადასვა სტრუქტურებთან, რომელთაც გარკვეული გამოცდილება შეგვძინეს. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფრით ვარ კმაყოფილი,- ისეთი განცდა დამრჩა პირველი ეტაპის შემდეგ, რომ შესაძლებელი იყო ნაკლები ფსიქოლოგური და მორალური დანაკარგებით გავსულიყავით ფონს. შევეცადეთ ყველაფერი კანონს დაქვემდებარებოდა. ამ თვალსაზრისით, საკონკურსო კომისიამ დიდი შრომა გასწია, რასაც  დამოუკიდებელი დამკვირებლებიც ადასტურებენ. იმის გამო, რომ კონკურსის პირობების გადალახვა მონაწილეებმა ვერ შეძლეს, საკმარისი რაოდენობის კადრების აყვანა ვერ მოხერხდა. იძულებული ვართ ხალხი მოვალეობის შემსრულებლებად დავნიშნოთ, რომლებიც 2-3 თვის შემდეგ გაივლიან კონკურსს. მინდა გავამხნევო ყველა ადამიანი, ვინც უსამსახუროდ დარჩა, მოვუწოდო, რომ მოემზადონ  და აუცილებლად კონკურსი გაიარონ.

კიდევ უფრო მტკივნეული აღოჩნდა ორი სამინისტროს ბაზაზე ერთის შექმნა. გაუქმდა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, მათ ადგილზე კი ჩამოყალიბდა ერთი - ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო. ამ უწყებებში 103 კაცი იყო დასაქმებული. დეპარტამენტის ხელმძღვანელებსაც კი ორი და სამი მოადგილე ჰყავდათ. ზოგან ერთ თანამშრომელს შვიდი თანამდებობის პირი  მართავდა. ასეთი, რბილად რომ ვთქვათ,  გაუმართავი სისტემა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ჩვენი მიზანი აფხაზეთის მთავრობის მუშაობის შედეგიანობაა, რომელიც უწინარესად, დევნილებს და ჩვენს ხალხს უნდა წაადგეს. მათ ნამდვილად არ ულხინთ და მოთმინებით იტანენ  განსაცდელს, რომელიც ცხოვრების ბედუკუღმართობამ არგუნა.

- სულ ცოტა ხნის წინ, ოსურ მედიაზე დაყრდნობით, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ცხინვალში ვიზიტით მყოფმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯომარემ ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორმა გააკეთა განცხადება, რომ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რეალობაა, რომელიც უნდა ვაღიაროთ". რა შეფასებას მისცემდით ამ განცხადებას თქვენ, როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში უშუალო მონაწილე?

- ფილიპ ლეფორი ჟენევის ფორმატის ერთ-ერთი წამყვანი პირია. მაგრამ ის ფაქტიურად უკვე წასულია თანამდებობიდან და ამგვარი განცხადების გაკეთება გამოცდილი დიპლომატისთვის, მეტი რომ არა ვთქვათ, წინდაუხედაობაა. ეს უფრო მისი პირად განწყობას უნდა მივაწეროთ ალბათ. ევროკავშირთან ამას არავითარი საერთო არა აქვს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას ახალი თანამდებობის მიღებასთან დაკავშირებით, პირადი ზრახვებიც ამოძრავებდეს. თუმცა, ნუ დავუკარგავთ, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინა თბილისის პოზიციაზე. ლეფორის თქმით, ქართული საზოგადოების მწვავე რეაქცია მისი განცხადების ტექსტის არასწორ ინტერპრეტაციას მოჰყვა. მოდით დავუფასოთ ოპერატიული გამოხმაურება და თავის მართლება. ჩვენც მივიჩნიოთ, რომ მას ამის თქმა არ სურდა.

- აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ინიციატივით, 20 იანვრიდან 21 მარტამდე, მდინარე ფსოუდან საზღვარმა აფხაზეთის სიღრმეში, გაგრის მიმართულებით 11 კილომეტრით გადმოიწია. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

- ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა საკმაოდ მკვეთრი განცხადება, რომელსაც მთლიანად ვიზიარებ. აფხაზებისა და რუსების ქმედება ამ  ფაქტთან დაკავშირებით ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა საკმაოდ მკვეთრი განცხადება, რომელსაც მთლიანად ვიზიარებ. აფხაზებისა და რუსების ქმედება აბსოლუტურად არაკორექტულია და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა. ერთი დღითაც, ერთი საათითაც კი საზღვრის გადაწევ-გადმოწევა ოკუპაციის ტოლფასია. იმის მტკიცება, რომ გადმოწეული საზღვარი მარტის შუა რიცხვებამდე დარჩება, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. აფხაზეთის მოსახლეობამ არ იცის რეალურად რა ხდება, რომ იცოდნენ, დარწმუნებული ვარ, ხმას აიმაღლებდნენ. ერთხელ უკვე დაამტკიცეს აფხაზებმა, რომ სულ სხვის ჭკუაზე სიარულს არ აპირებენ. მათ საკუთარი დამოკიდებულება უკვე გამოხატეს, როდესაც არჩევნებზე რუსეთის ფავორიტ ხაჯიმბას უარი უთხრეს და ბაგაფში აირჩიეს. ჩვენ კი, უნდა ვიმოქმედოთ საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში და გამოვიყენოთ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალში 200-300 კაზაკი ჩაასახლეს. თქვენ თუ ფლობთ ამ ინფორმაციას?

- დიახ, როგორც ვიცი, გალში შემოიყვანეს 200-300 კაზაკი. თუმცა, არ მაქვს ინფორმაცია ისინი მებრძოლები არიან თუ არა. მთავარია, რომ გალის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე ისინი სახლებში ვერ შედიან. სოჭის მოახლოებული ოლიმპიადის წინ, რუსეთი ცდილობს თავიდან აირიდოს ტერორისტული აქტები, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უკვე განხორციელებულ აქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა აიღეს. მართალია, საჭიროა მათი პრევენცია, მაგრამ არა ვიღაცის ტერიტორიებისა და ინტერესების ხარჯზე. მოგეხსენებათ, ტერორიზმს ეროვნება არ აქვს. საქართველოს ხელისუფლება მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთთან ითანამშრომლოს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, თუმცა როგორც ჩანს, ისინი არც ამ შემოთავაზებას თანხმდებიან.

მიხეილ ჭაბუკაშვილი,
სპეციალურად Abkhazia News-სთვის,

21 იანვარი, 2014