აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2014-03-10
ვახტანგ ყოლბაია: „მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობა იძაბება“

ინტერვიუ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან

არ არის გამორიცხული, მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობა დაიძაბოს. აფხაზეთის მონაკვეთზე არის ერთი ნაწილი ჩვენი ტერიტორიისა, რომელზეც რუსები პრეტენზიას აცხადებენ. რუსეთი ცდილობს, ჯერ მიიერთოს აიბგა. როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ამბობს, აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ არ დათმო, თუმცა, ამ ტერიტორიის დასაკუთრებაზე პრეტენზია დღემდე რუსებს უკან არ წაუღიათ.

-ბატონი ვახტანგ, მოგეხსენებათ, რუსეთმა საზღვარი 11 კილომენტრით გადმოსწია, ხოლო შიდა ქართლის შუა გულში მავთულხლართებს გვიბამს. როგორ ფიქრობთ, რუსეთი დღეს მაინც რატომ ატარებს ასეთ პოლიტიკას?

-ეს მისი ხასიათია. სადაც აქვს შესაძლებლობა, თავისი ინტერესები განახორციელოს და სათავისოდ გადაწყვიტოს, ყველგან ასე აკეთებს.

-თავის დროზე, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის მონაკვეთზე საზღვარი გადმოსწია, მაშინ ყველაფერი ოლიმპიადას მიეწერა, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საზღვარს თავის ადგილზე აღარ აბრუნებს.

-დიახ, ჯერჯერობით არ აბრუნებს. მუდმივი არაფერია. ყველაფერი დროებითია, მაგრამ, ვშიშობ, შეიძლება, ეს არ იყოს დროებითი მოვლენა. თუმცა, ჩანს, რუსეთს დღეს გაუჭირდება ამგვარი პოლიტიკის გატარება, თუ გავითვალისწინებთ ყირიმში მიმდინარე მოვლენებს. მით უმეტეს, ვფიქრობ, აფხაზები თვითონ არ მისცემენ რუსებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას, რომ საზღვარი 11 კილომეტრით შემოსწიონ.

-მინდოდა მეკითხა, რა რეაქცია აქვთ აფხაზებს, მოსწონთ, რუსებმა საზღვარი რომ გადმოსწიეს?

-არა. ყოველ შემთხვევაში, როცა რუსებმა აფხაზეთის მონაკვეთზე საზღვარი გადმოსწიეს, მაშინ აფხაზეთის ადმინისტრაცია დაარწმუნეს, რომ ეს დროებითი მოვლენაა და ოლიმპიადის უსაფრთხოებისათვის იყო საჭირო. თუ მოსახლეობა დარწმუნდა, რომ საზღვრის გადმოწევა დროებითი კი არა, მუდმივია, თვითონ მოსახლეობა სერიოზულად შეეწინააღმდეგება ამას.

-თქვენ, ალბათ, უფრო მეტი კავშირები გაქვთ აფხაზებთან ან სპეციალურ სამსახურებთან, რომლებმაც უკვე მოგაწოდეს ინფორმაცია. რა სიტუაციაა ამ მხრივ ახლა? ოლიმპიადა უკვე დამთავრდა, გადმოწეული საზღვრის გამო რეაქციები არ შეინიშნება?

-სპეციალურ სამსახურებთან მე ურთიერთობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, აფხაზებთან.

-ქართული უშიშროების სამსახურები, დაზვერვის სამსახური ვიგულისხმე.

-ჯერჯერობით, არაფერი ჩანს, თავიდანვე ითქვა, რომ 21 მარტამდე მდგომარეობა შენარჩუნდება. ვნახოთ, 21 მარტის შემდეგ რა იქნება.

-ცოტა ხნის წინ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ყირიმში სამხედრო მოქმედებების დასაწყებად დუმის თანხმობა მიიღო და, ფაქტობრივად სამხედრო ავანტიურა დაიწყო. როგორც ჩანს, ეს პუტინს ადრევე ჰქონდა ჩაფიქრებული. არ არის გამორიცხული უკრაინაში სიტუაციის ესკალაცია მათი მცდელობის შედეგად მოხდა თავისი აგენტურის მეშვეობით. რას უნდა ველოდოთ, ღია ომი შეიძლება იყოს?

-ღია ომამდე საქმე შეიძლება არ მივიდეს, მაგრამ, სიტუაცია რომ დაძაბულია და დაძაბული იქნება, ამას ველოდები, ვინაიდან რუსეთმა ორი წელია, მიიღო კანონი, რომლითაც თავის თავს უფლებას აძლევს, როცა ჩათვლის, რომ მის უსაფრთხოებას რაღაც ემუქრება, ჰქონდეს საშუალება, გადაადგილდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ამიტომაც, რუსეთი სპეციალურად ემზადებოდა ამისთვის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებენ. პოლიტიკაში ამგვარი რამ ხდება. ვფიქრობ, ევროპა და ამერიკა უკრაინასთან დაკავშირებით სერიოზულ დიპლომატიურ ურთიერთობებს გამოიყენებენ. ცალსახა და ნაუცბათევი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროცესს ძალიან სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ ღია დაპირისპირების თავიდან აცილებაზე შეიძლება იყოს ბრძოლა.

-თუკი რუსეთი მაინც დაიწყებს ყირიმის დაკავებას, უკრაინა საქართველო არ არის, დიდი ქვეყანაა და ვითარება ღია დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, საქართველომ და კავკასიის ქვეყნებმა როგორ უნდა იმოქმედონ?

-ეს ძალიან რთული საკითხია, რასაც თან ბევრი რთული ასპექტი ახლავს. ასე ცალსახად ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს, გასაგები მიზეზების გამო.

-თუკი, მიუხედავად ჩვენი მხრიდან რუსეთის მიმართ სიტუაციის შერბილებისა, რუსეთი მაინც აკეთებს მავთულხლართებს ჩვენს ტერიტორიაზე, ქვეყნის შიგნით მაინც გადმოაქვს საზღვრები, ჩვენც ხომ ვართ ვალდებული, ჩვენი საზღვრები და ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ? ამიტომ, თუკი რუსეთი გააგრძელებს იმპერიულ პოლიტიკას, უკრაინას ღიად შეუტევს, პარალელურად ჩვენც ჩვენი ტერიტორიისა და მოსახლეობის დასაცავად არ უნდა მოვიცილოთ აქედან?

-ასეთი ნაბიჯი ჩვენ 2008 წლის აგვისტოში გადავდგით.

-ხომ შეიძლება, სოხუმსა და ცხინვალში არ შევიდეთ, მაგრამ მავთულხლართები, რომლებიც რუსებმა ქვეყნის შუა გულში გაგვივლეს, მოვშალოთ?

-ჯერ ერთი, სრულ ინფორმაციას არ ვფლობ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების შესახებ. მეორე - სტრატეგიული გათვლები უფრო სხვა სტრუქტურების საქმეა. ამიტომ ახლა მე გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა. თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერი ეს ცოტა უფრო სერიოზული განსჯის საგანია.

-ჩვენ ხომ ვსახავთ გეგმას, რომ თვითონ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით შევრიგდეთ და მომავალში ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ. ამ მხრივ რაიმე სასიკეთო ჩანს?

-ამ კუთხით სასიკეთო ჩვენ უნდა გამოვაჩინოთ. ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ამის სურვილი აფხაზეთში გამოკვეთილად იყოს.

-ბატონო ვახტანგ, ლიტვაში გამოცემულ სასკოლო სახელმძღვანელოში სახელწოდებით „ახალი მსოფლიო გეოგრაფია" (2013 წლის გამოცემაა) აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და ყარაბაღი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არიან წარმოდგენილი თურმე. ეს ინფორმაცია გავრცელდა აზერბაიჯანსა და აფხაზეთში. გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. ჩვენგან თუ მოჰყვა ამ ფაქტს რეაქციები?

-ჩვენგანაც მოჰყვა რეაქცია. ამაზე განცხადებაც გავაკეთე. ინფორმაცია ინტერნეტშიც განვათავსეთ. როგორც მახსოვს, ამას რეაქცია მოჰყვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, იმ უწყებებში, რომელიც არის საზღვარგარეთ (საელჩოები მაქვს მხედველობაში). სამწუხაროდ, მზად უნდა ვიყოთ, რომ ამგვარ საკითხებზე სახელმწიფო დონეზე მკაცრი რეაქციები გავაკეთოთ.

-ლიტვაში ასეთი შემთხვევა ადრეც ყოფილა თურმე. მოგეხსენებათ, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებია. სად ჩანს აქ არაღიარების პოლიტიკა? როგორც ვიცი, არაღიარებაზე მუშაობს ჩვენი ქვეყანა. რატომ არ ჩანს ამ სახელმწიფოებთან არაღიარების პოლიტიკის შედეგი?

-მართალი ხართ, ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ამგვარი ფაქტები სახელმწიფო დონეზე არ ხდება. ამას აკეთებენ კერძო სტრუქტურები, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხში უნდა იყოს მკაფიო და მკვეთრი. ამგვარ ფაქტებზე რეაქცია უნდა მოვახდინოთ. არც ერთი შემთხვევა რეაქციის გარეშე არ უნდა დავტოვოთ.

-ხომ არ გაურკვევია ვინმეს, რომელიმე სამსახურს, ამგვარ ფაქტებში რუსეთის ხელი ხომ არ ურევია?

-რუსეთის მონაწილეობა შეიძლება იყოს შესაძლებელი, მაგრამ, თუ ფაქტი ლატვიაში, ესტონეთსა და ლიტვაშია, მაშინ ეს სხვა პრობლემაა და უნდა ვეძებოთ იმ ქვეყნებში, რომლებშიც ხდება. რუსეთი ცალსახად ამბობს, ეს ტერიტორიები დამოუკიდებლად ვაღიარე და ყველაფერს ვაკეთებ, ჩემი სიტყვა უკან არ წავიღოო. ამიტომ, როდესაც ამგვარი მომენტებია, შესაბამისმა სტრუქტურებმა ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან არაღიარების პოლიტიკაზე უფრო მეტი ინტენსიურობით უნდა იმუშაონ.

-არ გაქვთ იმედი, რომ შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როცა რუსეთი იძულებული გახდება, თავისი აღიარება უკან წაიღოს?

-ძნელი სათქმელია. სოხუმი უნდა მიხვდეს, რომ ის „დამოუკიდებლობა" მისთვის არაფრის მომტანია. მათ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, კულტურას, ენის, თვითმყოფადობის განვითარებას არსებული მდგომარეობა არ მოიტანს. ამიტომ აფხაზები უნდა მიხვდნენ და მოძრაობა ჩვენკენ სოხუმიდან უნდა დაიწყოს. ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ხელოვნურად არ მოხდეს ამ პროცესებში ჩარევა.

-აფხაზები ჯერ ვერ მიხვდნენ, რომ რუსეთი მათი დამოუკიდებლობით არ არის დაინტერესებული, მაგრამ, როცა რუსი საზღვრებს მოშლის და შეეცდება პირდაპირ მიერთებას, დიდი რუსეთი მცირე აფხაზობას შთანთქავს, მერე მოვლენ აზრზე, მაგრამ გვიან იქნება.

-დიახ, გვიან იქნება. რუსეთთან უკვე არის დავა გარკვეულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. არის ერთი ნაწილი ჩვენი ტერიტორიისა, რომელზეც რუსები პრეტენზიას აცხადებენ. აფხაზები თვლიან, რომ ეს აფხაზეთის ტერიტორიაა. რუსეთი ცდილობს, მიიერთოს. აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ არ დათმო. იყო საუბრები, მაგრამ საკითხი გადაუწყვეტელია. ამ ტერიტორიის დასაკუთრებაზე რუსებს პრეტენზია დღემდე უკან არ წაუღიათ. როგორც ვიცი, აფხაზური ადმინისტრაცია დღემდე უარს ამბობს ამ ტერიტორიის  რუსეთისთვის გადაცემაზე. თუ რუსეთი ამ ტერიტორიას ძალით წაიღებს, ეს მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობას დაძაბავს.

-კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზეა საუბარი?

-აიბგა ჰქვია. ეს ტერიტორია ოდითგანვე საქართველოსი იყო.

-რუსეთი, ალბათ, აფხაზეთის ტერიტორიის მთლიანად მიერთებაზე ოცნებობს.

-აფხაზეთის მთლიანად მიერთება რუსეთს გაუჭირდება. მცდელობები არის, მაგრამ ეს საკითხი სერიოზული პრობლემების შემქმნელია თვითონ რუსეთისთვის.

გულიკო ბალაძე

გაზეთი „ახალი თაობა"
10.03.2014 წ.