2014-10-29
ვახტანგ ყოლბაია: "აფხაზებს საქართველოს ფარგლებში ყველაფერი შეუძლიათ"

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში მიმდინარე რესტრუქტურიზაცია-ოპტიმიზაციის საკითხების შესახებ, ვესაუბრეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას.

- ბატონო ვახტანგ, რა შეფასებას აძლევთ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების ტექსტს, რომელმაც უკვე ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენშიც და აფხაზეთშიც, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაზე? როგორ უყურებთ აფხაზეთის .. პარლამენტის მიერ ხელშეკრულების ტექსტის ზოგიერთი პუნქტის ჩასწორებას. რა იცვლება ტექსტის ჩასწორებით?

- ამ ხელშეკრულებაში ჩადებულია ისეთი რამ, რასაც პრაქტიკულად აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოს უფლებები ნულამდე დაჰყავს და რუსეთის პროვინციად აქცევს. აქ ორი მომენტია - დღევანდელი ე.წ. პრეზიდენტი მთავარსარდალია, ამ ხელშეკრულებით მთავარსარდალი ინიშნება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, რაც ნონსენსია. სახელმწიფოებრიობის ეს პირველი ატრიბუტი ფაქტიურად მოშლილია. მეორე - გახლავთ საბაჟო. როდესაც „სახელმწიფოს" რუსეთის საბაჟო აკონტროლებს, ანუ თუ რუსეთი გააკონტროლებს საზღვრის ორივე მხარეს, რომელ „სახელმწიფოებრიობაზეა " ლაპარაკი. ვფიქრობ, აფხაზებმა კარგად იციან კითხვა, მით უმეტეს, ნიუანსებს კარგად უღებენ ალღოს და პოლიტიკურ საკითხებშიც საკმაოდ გაწაფული ხალხია. ამიტომაც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ძირითადად ამ პუნქტებს მიაქცია ყურადღება და კოსმეტიკური შესწორებები შეიტანა. ამით აფხაზები ცდილობენ სახის შენარჩუნებას, ხალხის დამშვიდებას და რუსეთსაც კარნახობენ გამოსავალს, თითქოს შეთანხმების მიღება „დემოკრატიულ პრინციპებზე" დაყრდნობით მოხდება. ხალხის გულისწყრომის შესანელებლად  აფხაზეთის რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულებასაც ე.წ. აფხაზეთის პარლამენტი სახელს უცვლის და რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის"  ხელშეკრულებას  „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას" უწოდებს. ასეთი პოლიტიკური კოსმეტიკა ორი მხარის პოლიტიკურ ტექნიკასა და ნებაზე მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული.  მაგრამ, ერთი მხრივ კარგად ვიცნობთ რუსეთს, რომელიც არასოდეს არაფერს თმობს და შესაძლოა არცა ახლა დათმოს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსია გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით აფხაზეთს საბოლოოდ შემომტკიცებულად არ ჩათვლის.

- გამოიწვევს თუ არა ასეთი ხელის გადაგრეხვა აფხაზური ოპოზიციის ჩამოყალიბებას. რამდენად ხელსაყრელია რუსეთისთვის ან ხაჯიმბასთვის ასეთი ვარიანტი?

- ხაჯიმბას უკვე ჰყავს ოპოზიცია ბაგაფშისა და ანქვაბის მომხრეების სახით. ამ დოკუმენტით კი მისი მდგომარეობა უფრო მძიმდება. მართლაც, ცუდ მდგომარეობაშია ხაჯიმბა. დოკუმენტის კოსმეტიკური ჩასწორება მას ვერ უშველის. რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად, ხელისუფლებაში მაინც დიდხანს ვერ დარჩება. აფხაზები ამას არ აპატიებენ. მას აქვს საშუალება უარი თქვას ხელმოწერაზე და როგორც გმირი, ისე ჩამოშორდეს პოლიტიკას. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ დღევანდელი რეალობიდან  გამომდინარე რუსეთის იძულება აფხაზეთს არ შეუძლია არა იმიტომ, რომ აფხაზები ცუდი მეომრები არიან ან ცუდი ლოგიკა აქვთ, ან რაიმე ამდაგვარი.გამოვიდეთ რუსული პოლიტიკიდან, რუსეთს დაუთმია ოდესმე რამე ამ დროის მანძილზე?  როგორი სახითაც უნდა მიიღონ დოკუმენტი ჩასწორებული თუ ჩაუსწორებელი, აფხაზური ოპოზიციის ჩამოყალიბება გარადაუვალია. ეს იქნება არა პიროვნული დაპირისპირება, არამედ პრინციპული პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ხმამაღლა განაცხადებს, რომ ხაჯიმბამ აფხაზეთს სახელმწიფოებრიობა დააკარგვინა. სწორედ ეს გახდება მათი მოქმედების და ბრძოლის მთავარი ლოზუნგიც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უმალ გამოიქცევიან საქართველოში, ეს უნდა გავაცნობიეროთ. რაც უნდა მოხდეს იქ, ახლა სიტუაცია  ისე ყალიბდება, რომ საქართველოსკენ აფხაზების გამოხედვა  არ არის მოსალოდნელი.

- რატომ აჩქარდა რუსეთი? ამის მიზეზი ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა და ნატოს საწვრთნელი ბაზების საქართველოში განთავსება? აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულებით რუსეთი ფიქრობს, რომ აფხაზეთზეხელს აგვაღებინებს

- ხვალვე რომ ვთქვათ ნატო-ზე უარი და ავირჩიოთ ნეიტრალური სახელმწიფოს სახე, რუსეთი მაინც არ დააბრუნებს აფხაზეთს. მას უნდა ნაკლები დანაკარგებით მიიღოს მაქსიმუმი. რუსეთს უნდა, რომ ჩვენ საერთოდ თითი არ გავანძრიოთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის და არ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც ახლა გვაქვს. რუსეთმა შესანიშნავად იცის, რომ საქართველოს არჩევანის საშუალება აქვს ნატოსა და ევროკავშირის სახით და სწორედ ამის ჩახშობას ცდილობს.

აფხაზებს საქართველოს ფარგლებში  ყველაფერი შეუძლიათ - განავითარონ ენა, კულტურა, იარონ საზღვარგარეთ, მიიღონ იქ განათლება, ისარგებლონ იმით, რაც საქართველოს  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ეკუთვნის, მათ შორის, რეგიონში უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების ჩათვლით.   მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ სურს რუსეთს, მას უნდა, რომ ევროპის ნაცვლად მთლიანად მასზე ვიყოთ დამოკიდებული.

- ამ რეალობაში ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ?

- დიახ, რეალობა სახარბიელო არ არის. უწინარესად უნდა დაველოდოთ აფხაზების რეაქციას ქართული მხარის, შეთავაზებაზე.  ოსეთის პოზიცია უკვე ცნობილია.  მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა დავიღალოთ შეთავაზებებით, რაც უნდა განუხორციელებლად გვეჩვენებოდეს ეს. ახალი რეალობა გვკარნახობს, რომ მხოლოდ ქართველებს კი არა, აფხაზებსაც და ოსებსაც  სხვა გამოსავალი არა აქვთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში ცხოვრების გარდა.  სწორედ საქართველოა მათი გადარჩენის და უსაფრთხოების გარანტი. სამწუხაროდ, არ ვიცი როდის აღიარებენ ამას აფხაზები და ოსები ხმამაღლა, ყველას გასაგონად. მაგრამ ეს საბოლოოდ ასე დასრულდება.

თუ დავუბრუნდებით დოკუმენტს, საერთაშორისო სამართლის დონეზე ეს დოკუმენტი არაკანონიერია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყოველგვარ ნორმებს და ამიტომ, აქედან ტრაგედიის შექმნა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა აფხაზებთან. აფხაზური მმართველი ელიტა თუ შეცდომას უშვებს,  რუსეთთან ხელშეკრულებას ვგულისხმობ, ხალხი, რომელიც მათ უკან დგას, არაფერ შუაშია. რაც უნდა მოხდეს, ჩვენ აფხაზ ხალხთან გვაქვს განსაკუთრებული სიახლოვე და ამ ხალხთან ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ. 

- არ შემიძლია არ ვისარგებლო დღევანდელი შეხვედრით და არ შეგეკითხოთ იმ ორი სამინისტროს გაუქმების შესახებ, რომელმაც საკმარისი ვნებათაღელვა გამოიწვია. მაგალითად, აფხაზეთის სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების სამინისტროს გაუქმება რამდენად მისაღებიი ყო თუნდაც დღეს?  

- ეს არ იყო წუთიერი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ აზე თითქმის ოთხი თვეა ვმსჯელობთ. პირველი კი ვისთანაც ამაზე საუბარი მქონდა,  თავად ლელა გულედანი გახლდათ. მალულად ჩვენთან არაფერი კეთდება.  ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლელა გულედანი  მე მოვიყვანე და სამოქალაქო თანხმობისა  და კონფლიქტების დარეგულირების სამინისტროც მე ჩამოვაყალიბე. გულედანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.  ჩემთან ხშირად მოდიოდა, რაღაც პროექტების დაფინანსებასმთხოვდა. კარგად ვთანამშრომლობდით და ვიფიქრე, რომ ჩვენს მთავრობაში ადგილს დაიმკვიდრებდა და ერთად ბევრს შევძლებდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა არასამთავრობო სექტორთან მუშაობის გამოცდილება, საქმეში წარმატებული იქნებოდა. ამიტომ, განსაკუთრებულ დავალებათა სამინისტრო, რომელიც იქ დაგვხვდა,  გავაუქმეთ და  შევქმენით სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების სამინისტრო.  თუმცა, გულედანისთვის  მაშინაც ცნობილი იყო, რომ ამ სამინისტროს ასეთი სახით დიდხანს ვერ შევინარჩუნებდით და ის მინისტრის პოსტზე ვეღარ დარჩებოდა.  მაგრამ მას მუდამ მოვიაზრებდი ჩვენიგუნდის წევრად. რეფორმები სხვაგვარ გადალაგებას მოითხოვს. განსაკუთრებით  დევნილების  დაბრუნების, ნდობის აღდგენის, მათი ინტეგრაციის საკითხებში. უნდა გაიგოს ყველამ, რომ ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევინახოთ სამინისტროები, რომლებიც მხოლოდ ფურცლებს აფრიალებენ და დღევანდელ მოთხოვნებს არ პასუხობენ. პრემიერის  გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ  სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ამ სამინისტროების ლიკვიდაცია მოვახდინეთ. დღეს უნდა ვილაპარაკოთ შერიგებაზე, ნდობის აღდგენაზე. სანამ ნდობა არ აღდგება აფხაზებსა და ქართველებს შორის, ვერც შერიგება მოხდება და ვერც კონფლიქტის მოგვარება იქნება შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენ გეზი ამ მიმართულებაზე უნდა ავიღოთ, უფრო მეტად უნდა დავიახლოვოთ ჩვენი დიასპორა, მეტი უნდა ვიმუშაოთ ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან, ხელი შევუწყოთ მათინტეგრაციას. ამ მიმართულებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება ახალი უწყება, რომელზეც ახლა აფახაზეთის მთავრობა მუშაობს. რა თქმა უნდა, თვითმიზანი არ არის სამინისტროების გაუქმება. ლაპარაკია მთავრობის ოპტიმიზაციაზე, რესტრუქტურიზაციაზე და კადრების ოპტიმალურ განაწილებაზე. ამას ემატება ფინანსური დანახარჯების გამოყენება უფრო სწორი  მიმართულებით, რათა დევნილებმა მართლა იგრძნონ, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ეკონომია მათი საჭიროებებისკენ მიემართება. რაც შეეხება ლელა გულედანს, მე მას შევთავაზე მინისტრის პირველი მოადგილეობა, მაგრამ ეს იუკადრისა. მხოლოდ მინისტრობა და სხვა არაფერი, ასეთი იყო მისი პოზიცია. იშვიათად მინახავს ახალგაზრდა ქალი, რომლისთვისაც მინისტრობა ცხოვრების მიზნად ქცეულიყოს. იმის ნაცლად, რომ ჩვენი წინადადება მიეღო მთავრობის სხდომა კარის გაჯახუნებით დატოვა და ისიც მოგვაძახა, რომ ჩვენ თურმე კონფლიქტის მოგვარება არ გვდომებია. ღიმილის მომგვრელია  ასეთი მოქმედება, მაგრამ ჩვენ არ გვცალია იმისთვის, რომ ყველას და ყველაფერს გამოვეხმაუროთ, თუნდაც ეს დიდ უსამართლობად მიგვაჩნდეს.

- რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, ვინც ამ სამინისტროებში იყო დასაქმებული?

- ჩვენ გვქონდა 7 სამინისტრო, მაგრამ დღეს გვაქვს მხოლოდ სამი. რამდენიმე ადამიანი სამწუხაროდ, სამსახურის გარეშე დარჩა. მაგრამ პარალელურად, ჩვენ სხვა სამუშაო ადგილებსაც ვქმნით. მაგალითად, თურქეთის საელჩოს დახმარებით, ვაზიანში ვქმნით პატარა კოოპერატივს დევნილთა დასაქმებისათვის. ქუთაისში შევქმენით ძალიან კარგი საწარმო, „ბიზნესინკუბატორი", რომლის ხელმძღვანელია ალუ გამახარია. მას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი ძალისხმევით შეიქმნა რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი.  მისი დამსახურებაა რკინის, მწვანე ჩაის საამქროს ჩამოყალიბება, კადრების მომზადების ცენტრის დაარსება. სულ ახლახან იქ ჩავიყვანეთ ინგლისური ორგანიზაცია „ნეო", რომელიც ძალიან სერიოზული ინვესტიციების ჩადებას აპირებს. არ მინდა ყველაფერი წინასწარ ვთქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მალე ამ  დაწესებულების ბაზაზე ძალიან კარგი სასათბურე მეურნეობა გვექნება. იაპონიის საელჩომ პრაქტიკულად უკვე გადაწყვიტა 90 000 დოლარის გამოყოფა, რომლის საშუალებითაც, წლის დასაწყისში, ჩვენ დიდ მეურნეობას გავხსნით. სხვათა შორის, პრემიერმაც ახსენა, რომ მსგავს სასათბურე მეურნეობებს დიდი ყურადღება მიექცევა. ამას ემატება ისიც, რომ უახლოეს მომავალში, უმსხვილესი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჰეიფერის" მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში ძალიან დიდი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. პარტნიორი ბანკების მხარდაჭერით, დაახლოებით რამდენიმე ათეული დევნილი დავასაქმეთ საბანკო სისტემაში. აუცილებელი არაა, პიროვნებამ იმუშაოს მაინც და მაინც აფხაზეთის მთავრობასა და მის სტრუქტურებში. მიმაჩნია, რომ ჩვენს სტრუქტურებში პროფესიონალიზმის განვითარების მიზნით, ყველაზე კარგი გარემო არაა. მე სულ ვცდილობ, ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ უფრო პრაქტიკული, რეალური საქმიანობით დაკავდნენ იქ, სადაც შეგიძლია ისწავლო, შენი ნიჭი განავითარო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გაუქმებულ სამინისტროებში მომუშავეთა აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი ემუქრება. ვინც არ მუშაობდა ან არ პასუხობდა მოთხოვნებს, ისინი, რა თქმა უნდა, აღარ დასაქმდებიან. მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ქუჩაში არავინ დავტოვოთ, დასაკარგი ხალხი ნამდვილად არ გვყავს.

Abkhazia News