ბაბუშერის აეროპორტთან თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 21 წელი გავიდა. ინციდენტს ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოცამდე კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
მას განწირულ რეისსაც უწოდებენ, რადგან ამ დროს სოხუმის აეროპორტი თბილისიდან საჰაერო ტრანსპორტს არ იღებდა.
ტრაგედიის დროს დაღუპულ ადამიანთა ცხედრების თბილისში გადმოსვენება აფხაზებთან მოლაპარაკებების შედეგად ეტაპობრივად ხდება. თუმცა, 2006 წლის შემდეგ აფხაზეთიდან ცხედრების გადმოსვენების პროცესი გაყინული იყო. რამდენიმე დღის წინ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, თბილისში ჩამოასვენეს ჩამოგდებული თვითმფრინავის კიდევ 13 მგზავრის ნეშტი.
ტრაგედიის დეტალებსა და ზოგადად, ცხედართა გადმოსვენების პროცესზე ვესაუბრეთ ადამიანს, რომელიც ამ საშინელი ფაქტის მომსწრე გახდა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას.
„როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე, ვადასტურებ, რომ მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი მთავარი საკითხი აფხაზეთის ომში ჩვენი დაღუპული გმირების სამარხების მოძიება და მათი გადმოსვენების პროცესი გახლავთ, ეს საქართველოს ღირსების საქმეა, ყოველი ჩვენგანის ვალდებულებაა";
„ვფიქრობ, გავმიჯნოთ პოლიტიკა და ადამიანური მოვალეობა ერთმანეთისაგან. დარწმუნებული ვარ დადგეება დრო, და კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე - ქართველები და აფხაზები ერთად მიაგებენ პატივს საერთო ომში სამშობლოსთვის სხვადასხვა მხარეს მდგომ თავდადებულ გმირებს";
- ბატონო ვახტანგ, ორი დღის წინ, აფხაზეთიდან, ბაბუშერაში ჩამოგდებული თვითმფრინავის მგზავრი 13 გმირი მეომრის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს. როგორც ვიცი, თქვენ უშუალოდ იყავით ამ მოვლენის მომსწრე. ვიცი, ძნელია, მაგრამ იქნებ გაიხსენოთ ეს ავბედითი დღე...
- თუ არ ვცდები, 23-24 სექტემბერი იყო, როცა ბაბუშერის თავზე გამოჩნდა თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან მოფრინავდა და ასაფრენ ბილიკზე დაეშვა. თვითმფრინავში ასზე მეტი მგზავრი იყო, მათ შორის რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი. როდესაც თვითმფრინავი დაეცა, თუ არ ჩავთვლით ეკიპაჟის რამდენიმე წევრს, რომლებიც სასწაულებრივად გადარჩნენ, დანარჩენი დაახლოებით ასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ფრანგი ჟურნალისტი და ადგილობრივი მაცხოვრებლები. ყველანი ბაბუშერის სასაფლაოზე დაასაფლავეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ნაულ ჯიქიასა და ანზორ ლაცუზბაიას ღვაწლი. ანზორი მაშინ აფხაზეთის პროკურორი იყო, ნაულ ჯიქია კი საქართველოს პროკურატურიდან იყო მოვლინებული ჩვენთან, აფხაზეთში. ამ ორმა ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ბიჭები გაეპატიოსნებინათ. მახსოვს ისიც, რომ ნაული მწვანე ტოტებს ტეხდა და ამ ბიჭების ცხედრებს უფენდა, რათა ისინი პირდაპირ მიწისთვის არ მიებარებინათ. ანზორ ლაცუზბაია იდენტიფიცირებას აწარმოებდა და მთლიანად იყო ჩართული ამ პროცესში. ჩვენ მაშინ ექსკავატორით გულრიფშის გამგებელი დავით გვაძაბია დაგვეხმარა, თვითმფრინავის ნარჩენებისგან გათავისუფლებაში კი გვეხმარებოდნენ აეროპორტში მყოფი მსურველი ახალგაზრდები, სტუდენტები. ზუსტად იმ დროს, როცა ეს სამუშაოები მიმდინარეობდა, კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, როდესაც ლევან თედიაშვილის ბიჭი - ახალგაზრდა კაცი ვახტანგ თედიაშვილი დაიღუპა და ეს ყოველივე ჩვენ თვალწინ მოხდა. მას მერე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ბიჭების ცხედრები ნაწილ-ნაწილ გადმოესვენებინათ აქეთ. თავის დროზე, ამ პროცესში ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღო იგივე ბატონმა ზურაბ ერქვანიამ, რომელიც კომისიის თავმჯდომარე იყო, ასევე ავთანდილ იოსელიანმა. ის ადამიანები, რომლებიც გადმოსვენების კომისიას ხელმძღვანელოვბდნენ, მათ შორის ვლადიმერ დობორჯგინიძე და ქალბატონები, რომლებიც მის გვერდით იყვნენ და დღესაც არიან, ხელმძღვანელობენ მუზეუმს, რომელიც ძმათა სასაფლაოზეა შექმნილი; ერთი სიტყვით, მათ გადმოსვენებაში უმარავ ხალხს მიუძღვის წვლილი. თითოეული მათგანის ამაგი და წვლილი პატივისცემისა და დაფასების ღირსია. არის ასეთი პიროვნება ვინმე ჩადუნელი, რომელიც აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და სამწუხაროდ, მისი სახელი პრაქტიკულად უცნობი რჩება. მან, ისევე როგორც ვლადიმერ დობორჯგინიძემ, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ პროცესში. ყველას უღრმესი მადლობა, რომ ამ ბიჭების ნეშტები მშობლიურ მიწას მიაბარეს თბილისში.
- როგორ შეაფასებდით ცხედრების გადმოსვენების პროცესის განახლებას? აფხაზების მხრიდან ეს დადებით სიგნალად უნდა აღვიქვათ?
- დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს პროცესი რთულია, აფხაზებს საკმაოდ ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი ჰყავთ. მათთვის ძალიან მნიშნელოვანია სამარხების პოვნა. სხვათა შორის, ჩვენმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უცნობი სამარხებისთვის მიეკვლიათ და ამ ადგილების შესახებ აფხაზური მხარისთვის ეცნობებინა. მე როგორც ვიცი, რამდენიმე ასეთი სამარხის ადგილსამყოფელი დადგინდა. ამ დღეებში მე მომიყვნენ იმ სამარხების შესახებ, რომლებიც სოხუმში აღმოაჩინეს. იქ არის ერთი ქალბატონი, რომლის სახელსა და გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებ, იგი შვილდაღუპული დედების კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია აფხაზეთში. მასაც შვილი ჰყავდა დაკარგული და მხოლოდ ახლა, ამ ბოლო დროს ჩატარებული გათხრებისას მოხდა მისი შვილის ნეშტის იდენტიფიცირება. მეუბნებოდნენ, იმ ოჯახში კი არ გლოვობდნენ, არამედ საოცარი ზეიმი იყო იმის გამო, რომ ამ ახალგაზრდა კაცის გვამის პოვნა მოხერხდა. ასე ვთქვათ, ამაზე მეტი ბედნიერება რაა დედისთვის, როცა მას საშუალება ეძლევა მსგავსი უბედურების დროს საბოლოოდ მოეფეროს შვილის გვამს და მიუჩინოს სამუდამო ადგილსამყოფელი. ეს დედისთვის შვილის სიცოცხლის ტოლფასია, ვინაიდან საფლავის გაპატიოსნების, შვილის ნეშტის დედის ხელით მოვლა დედისთვის ნუგეში თუ არა, ერთგავრი შვებაა. მე მინდა სამძიმარი ვუთხრა ყველას, ვინც ამ ომში დაკარგა შვილი, ძმა, მეუღლე და კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო იმისთვის, რომ მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა, კიდევ ძალიან ბევრი დაღუპულია დარჩენილი, რომლის ადგილსამყოფელიც არც აფხაზებმა იციან და არც ჩვენ. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ბევრი რამის დადგენა. მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთიდან პირადად მეც მომმართეს დახმარებისთვის და სხვადასხვა გზებით, შეიძლება ითქვას, ყველა საშუალებით, ვცდილობ მოვიძიო რაიმე ინფორმაცია დაღუპულთა (აფხაზების) სამარხების შესახებ. ყველა ვხედავთ, რომ დღეს რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ეს პროცესი დაჩქარდეს და ყველა ოჯახს დაუბრუნდეს ყველა დაღუპული თუნდაც ამ სახით; ეს არის ის, რისი გაკეთებაც რეალურად შეუძლია ხელისუფლებას.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ წარიმართება ეს პროცესი? რას უნდა ველოდოთ ახალს ამ მხრივ? კიდევ თუ მოხდება უახლოეს მომავალში დაღუპულთა გადმოსვენება?
- სამწუხაროდ, ამ საკითხში მე ჩართული არ ვარ, ჩვენი ბიჭების გადმოსვენება დავით დარახველიძის უშუალო მეთვალყურეობით მოხდა, რომელიც ამავე დროს ერთობლივი კომისიის წევრი გახლავთ. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ ჩვენი დაღუპული ბიჭები მშობლიურ მიწას მივაბაროთ, თბილისში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა აფხაზურ მხარესთან მიმდინარეობს და ეს არ არის მხოლოდ დაღუპულთა მოძიების მხრივ, არის სხვა მიმართულებითაც. არ შეიძლება მივაჩუმათოთ არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურება და წვლილი ამ საკითხებში. როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე, ვადასტურებ, რომ მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი მთავარი საკითხი აფხაზეთის ომში ჩვენი დაღუპული გმირების სამარხების მოძიება და მათი გადმოსვენების პროცესი გახლავთ, ეს საქართველოს ღირსების საქმეა, ყოველი ჩვენგანის ვალდებულებაა. ვფიქრობ, გავმიჯნოთ პოლიტიკა და ადამიანური მოვალეობა ერთმანეთისაგან. დარწმუნებული ვარ დადგეება დრო, და კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე - ქართველები და აფხაზები ერთად მიაგებენ პატივს საერთო ომში სამშობლოსთვის სხვადასხვა მხარეს მდგომ თავდადებულ გმირებს.
ირაკლი თორია
„აფხაზიანიუსი"