2014-06-03
ვახტანგ ყოლბაია: "აფხაზეთში მოვლენების განვითარება დამოკიდებული იქნება აფხაზ საზოგადოებაზე, თუ ვის აირჩევენ ისინი ლიდერად"

 

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე, პროცესების განვითარების სამომავლო პერსპექტივაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამომავლო გეგმებსა და დევნილების როლზე კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ,,ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესაუბრა.

 

_ ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას და როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება უახლოეს პერიოდში?

 

_ კრიზისი, რომელიც აფხაზეთში შეიქმნა, არ არის დღევანდელი და გუშინდელი პროცესი, მას საკმაოდ სერიოზული ფესვები აქვს. თუმცა ანქვაბისა და ლაკერბაიას გადადგომა არის პირველი ეტაპი აფხაზეთში შექმნილი კრიზისიდან გამოსაყვანად. თუმცა, პროცესები დასრულებული არ არის, რადგან წინ არის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და შემდეგ უკვე არჩევნებით მოსული ლიდერები რა გზას დაადგებიან იგივე აფხაზეთის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამოსაყვანად, რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ა.შ. გამიხარდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კრიზისი სისხლის ღვრის გარეშე დასრულდა. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია, რომ აფხაზეთის საზოგადოებამ ვერ შეძლო დეკლარირებული კონსტიტუციური წესრიგის ბოლომდე პატივისცემა. მთავარია, ვითარება მშვიდობიანად დამთავრდა. ამ ყველაფერს, პირველ რიგში, მივაწერდი არა ე.წ.ოპოზიციას, არამედ ე.წ. ხელისუფლებას, რომელმაც ნახა საუკეთესო გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან გადადგომით. რაც შეეხება იმას თუ როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში დამოკიდებული იქნება აფხაზ საზოგადოებაზე, თუ ვის აირჩევენ ისინი ლიდერად.

 

_ რაც შეეხება უშუალოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტს, რა არის ის და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულები?

 

_ დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩვენი პრიორიტეტია ის რომ რაც შეიძლება ნაკლები დაძაბულობით წარიმართოს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესი.Aაქტიურად ვმუშაობთ, რომ გამოვნახოთ სამუშაო ადგილები დევნილებისთვის და ამ საკითხში ხელს გვიწყობს ხელისუფლებაც სხვადასხვა პროექტებით. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში გამოგვეყო, დაახლოებით, 400 ჰექტარი მიწა, სადაც დასაქმებულია 20 ოჯახი, დავთესეთ სიმინდი, რომელსაც შემდეგ გადავუნაწილებთ. ასევე კარგი წამოწყება გვაქვს ამერიკელ ქველმოქმედებთან, აქტიური მიმოწერა გვაქვს და ველოდებით მათ საქართველოში ჩამოსვლას.

 

_ რეგიონებში დევნილი საუბრობენ, რომ მათი მდგომარეობა სახარბიელო არ არის და ძალიან უჭირთ. რა კეთდება სიტუაციის შესაცვლელად?

 

_ რა თქმა უნდა დევნილებს უჭირთ, მაგრამ არის პროექტები რომელსაც ახორცილებს მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგში, იგივე ჯანდაცვის მიმართულებით, რათა გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა. Aასევე შესაბამის უწყებებთან ერთად ვცდილობთ რაც შეიძლება დროულად გადავწყვიტოთ დევნილებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხი. ,,ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პირობებში აღნიშნული პოლიტიკა შერჩევითი იყო, ვინც მათი მომხრე იყო ფართებს უკანონებდნენ, ვინც მოწინააღმდეგე - არა.

 

_ რაც შეეხება დევნილთა მონაწილეობას კონფლიქტის დარეგულირების პროცესში რა კეთდება ამ კუთხით?

 

_ პრაქტიკულად, კონფლიქტის დარეგულირების საკითხში არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც რთულია დევნილების აქტიურად ჩართვა და მეორე ეს არის არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ძირითადად ჰუმანიტარული მიმართულებით.

 

_ თქვენ, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს რა ინფორმაცია გაქვთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გალის რაიონში?

 

_ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი კონფლიქტის ზონაში ყოველთვის ფაქიზი თემაა და ვერ ვიტყვით რომ სრულყოფილია. ერთი კვირის განმავლობაში გალის რაიონში ადამიანის გატაცების 12 შემთხვევა იყო, მთავარი მოთხოვნით ფულის გამოძალვის მიზნით. სამწუხაროდ, ადგილობრივი ძალოვანი უწყებები ვერ უმკლავდებიან კრიმინოგენულ ვითარებას, უფრო მეტიც არსებობს სერიოზული ეჭვი რომ ბევრი მათგანი ჩართულია კორუფციულ გარიგებაში.

 

ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი
,,ჯი-ეიჩ-ენი"