მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ლევან თევზაიამ კონფერენცია "შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში" გახსნა

ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია თემაზე „შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში“ გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია თემაზე „შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში“ გაიმართა.

კონფერენცია აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ გახსნა.

კონფერენციის მიზანი იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ფერმერი მეწარმეებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი იმ მიზნობრივი პროგრამების და პროექტების გაცნობა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ სოფლის მეურნეობის პირველად და მეორად წარმოებაში ჩართულმა ფერმერებმა.

კონფერენციის ფარგლებში ფერმერები და მეწარმეები გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამეგრელოში, ძირითადად კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული მცირე და საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებული პირები.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.