აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision"-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორ ჰანს ბედერსკის შეხვდა.შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობის თავმჯდომარეს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ მოზარდების პრობლემებზე და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებისა და თერაპევტების გადამზადების აუცილებლობაზე. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხს და ეს ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასა.შეხვედრაზე შეთანხმდნენ ურთიერთობების გააქტიურებაზე და დევნილებისთვის სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე, რომელიც მეტად იქნება ორიენტირებული როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ისე დევნილობაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე.შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, „World Vision საქართველოს" ოფისის პროგრამების დირექტორი ეკა ჟვანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.