ფრიდონ თოდუას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდასულ რაღაც ოთხი თვეა, რაც ჩვენს შორის არ არის ფრიდონ თოდუა, საყოველთაოდ ცნობილი ქართველი, უმაღლესი დონის პროფესიონალი, მსოფლიო აღიარების მქონე მეცნიერი, ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, უბადლო ორგანიზატორი და, ამავე დროს, თითქოს ერთი რიგითი ქართველი, უზომოდ შეყვარებული თავის ხალხსა და ქვეყანაზე, გამორჩეული პიროვნული თავმდაბლობით, გულმოწყალებით, კაცთმოყვარეობით, სხვისი ჭირისა და ტკივილის გათავისებით.ბატონი ფრიდონის ამ ადამიანურ ღირსებებზე შემთხვევით არ გამიმახვილებია ყურადღება. მასთან მრავალწლიანმა საქმიანმა და მეგობრულმა ურთიერთობამ დამარწმუნა, თუ რაოდენ დიდი იყო მასში უბრალო, ხელმოკლე, დაუცველი ადამიანების დახმარების სურვილი და რა დიდ ბედნიერებას ანიჭებდა თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე, მადლიერი პაციენტების ბედნიერი სახეები.ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერში გიქმნიდა კომფორტს, თავიდან აგაცილებდა ყოველგვარ უხერხულობას და თუ იქით ვერ გაუბედავდი, ან ვერ შეკადრებდი, აქეთ შემოგთავაზებდა მისთვის ჩვეულ უანგარო დახმარებას, თანადგომას... ასე შემოგვთავაზა მან მის მიერ დაარსებულ, საქართველოს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობა, ანუ ფრიდონ თოდუა ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შორის, რომელსაც ჩვენი დახმარების სურვილი თავად გაუჩნდა. სამხრეთ კავკასიის ამ ყველაზე წარმატებულ კლინიკაში სამედიცინო კონსულტაციებს და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს დღესაც უსასყიდლოდ იტარებენ ჩვენი დევნილები, ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსული ბენეფიციარები, რომელთა შორის უმეტესობა ეთნიკური აფხაზია.ბატონი ფრიდონი იყო ადამიანი, რომელიც კარგად იცნობდა აფხაზ ეთნოსს, მის ისტორიულ და გენეტიკურ წარმომავლობას. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში განსაკუთრებულ როლს ჯანდაცვას ანიჭებდა და ეს კარგად იცოდა ყველამ როგორც თბილისში, ასევე სოხუმშიც, გალშიც და სამაჩაბლოშიც. სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე აფხაზ კოლეგებთან, რომლებიც ენდობოდნენ და უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ ამ მსოფლიო მასშტაბის მედიკოს-მეცნიერს, ეამაყებოდათ მასთან ურთიერთობა, ითვალისწინებდნენ მის პროფესიულ რჩევებს.ბატონი ფრიდონის აქტიური მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა მისი მშობლიური, ზუგდიდის რაიონის რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობას. კლინიკა, მისი თქმით, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების ნათელი დასტური უნდა ყოფილიყო და მას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთი მძლავრი ბურჯის ფუნქციაც უნდა ეტვირთა. მძიმე ავადმყოფიც კი ხშირად უბრუნდებოდა ამ თემას და ამით მიგვანიშნებდა მისი ცხოვრების უმთავრეს ნიშნულზე - დიდი ხელოვნებაა, დანერგო მშვენიერი იდეები, რომლებიც ადამიანთა ბედნიერებისთვის ყველაფრის შეწირვას მოითხოვს.
ფრიდონ თოდუას, საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ხალხის კეთილდღეობას შეწირულ ადამიანს ზედმიწევნით მიესადაგება ერთ-ერთი ბრძენის სიტყვები - ექიმს ეპატიება, უმკურნალოს სხვას, მაგრამ თვითონ არ იყოს ჯანმრთელი.
სხვის ჯანმრთელობაზე მზრუნველს საკუთარი დაავიწყდა -მოულოდნელად დაგვტოვა.ფრიდონ თოდუას მსგავსი ადამიანები ქმნიან ეპოქას, განურჩევლად იმისა, სადაა მათი ასპარეზი - მსოფლიოს წამყვან ქირურგიულ ცენტრებში, ასოციაციებსა თუ მშობლიური ქვეყნის ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი