აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შიდა აუდიტის სუბიექტების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ინიცირებით მიმდინარე წლის 24-25 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შიდა აუდიტორებისათვის აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა პრაქტიკული ტრენინგი/სამუშაო შეხვედრა სისტემურ აუდიტთან დაკავშირებით.
ტრენინგს უძღვებოდნენ ეროვნული ექსპერტ-ტრენერები, პრაქტიკოსი შიდა აუდიტორები, თამარ კალანდია (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე), პაატა ხინთიბიძე (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტორი), ირმა გელანტია-ახვლედიანი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე). მათ უსასყიდლოდ გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში დასაქმებულ შიდა აუდიტის თანამშრომლებს.
ტრენინგმა შიდა აუდიტორებს მისცა შესაძლებლობა დაუფლებოდნენ ახალ ტექნიკებს, მიდგომებს, გაცნობოდნენ საუკეთესო საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკებს სისტემური აუდიტორული შემოწმების დამოუკიდებლად ჩასატარებლად. ამასთან ერთად მხედველობაში არის მისაღები ის ფაქტი, რომ ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ უკვე შემუშავებულია სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ, რაც გაუმარტივებს შიდა აუდიტორებს სისტემური აუდიტის განხორციელებას.