მიმდინარე წლის 15 ნოემბერს აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები ნინო ხაზალია და პაატა ძანძავა შეხვდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში. შეხვედრის მიზანი გახლდათ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით და მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge . აღნიშნული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია http://www.worknet.gov.ge ვებ-გვერდის მეშვეობით.
მიმდინარე წლის 11 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია და თანამშრომლები გიზო თორდია, დალი კენჯია და ნანა ნაჭყებია, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები დავით ძალამიძე და ვალერი ბედენაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ დაბა ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განსახლებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურული პრობლემების შესწავლის მიზნით.
ბორჯომში რეაბილიტირებულია ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, რის შემდეგ მოხდება აღნიშნულ კორპუსში 64 დევნილი ოჯახის ჩასახლება.
სამუშაო ჯგუფის წევრები შეხვდნენ დაბა ბორჯომში ორგანიზებულად ჩასახლებულ აფხაზეთიდან ი.გ.პ-ებს, ადგილზე გაეცნენ მათ საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურთან ერთად დასახეს საჭირბოროტო საკითხების, კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტის გზები.
2016 წლის 8 ნოემბერს სასტუმრო ,, რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ,,გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის“ პრეზენტაცია. ევროკავშირის მიერ შემუშავებული და დაფინანსებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილების და ადგილობრივი თემების სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, დანერგოს გენდერული მეინსტრიმინგი სამინისტროს და მის საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პოლიტიკის დოკუმენტებში, ასევე სხვადასხვა სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, რომლებიც მიმართულია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სახალხო დამცველის მოადგილე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აღნიშნულ პრეზენტაციაზე მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და მოწვეულმა დევნილებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დავით მიქავა, გიორგი ბულისკერია და სამმართველოს უფროსი რომან კოკაია მიმდინარე წლის 8 ნოემბერს იმყოფებოდნენ ქ. ქუთაისში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში, მიმდინარე და აქტუალური საკითხების ადგილზე განხილვის მიზნით.
წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. პირველ ეტაპზე 2 რვასართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.
აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით მიქავამ და გიორგი ბულისკერიამ მშენებლობის ადგილი მოინახულეს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ახორციელებს. წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ მიეწოდა დამატებითი ინფორმაცია. კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდგომ, წყალტუბოში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრება.
ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ ვახტანგ ყოლბაიას დავალებით, ქ. წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობაში შეხვდნენ ბატონ ვახტანგ ასლანიკაშვილს, მისი ოჯახის წინაშე მდგარი საჭიროებების შეფასებისა და მისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევის მიზნით.