ნანა გაბელიამ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს სესიაზე მინისტრის აპარატის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ინტერპელაციის წესის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.
მინისტრმა ასევე მიმოიხილა უწყების საქმიანობა, ისაუბრა დღეს არსებულ გამოწვევებსა და სამინისტროს სამომავლო სტრატეგიაზე. ასევე, მინისტრის აპარატის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზე, მათ შედეგებსა და მიმდინარე პროგრამებზე.
„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში მინისტრის აპარატის კომპეტენციებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით, აქტიურად ვმუშაობთ, რათა შევძლოთ მაქსიმალურის გაკეთება უწყების ეფექტიანი საქმიანობისთვის. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეკითხვის ფარგლებში, ასევე მივაწოდე ინფორმაცია იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც ვხელმძღვანელობთ მინისტრის აპარატში კადრების შერჩევისას“ - განაცხადა ნანა გაბელიამ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს შეხვდა და მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესებს გაეცნო.
ნანა გაბელიამ სამოქალაქო ინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“, როგორც ეფექტურ და ნაყოფიერ შესაძლებლობაზე ისაუბა და უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა.
შეხვედრაზე მინისტრი სტუდენტების წინაშეც წარსდგა და მათ მინისტრის აპარატის მიერ ამჟამად გამოცხადებული კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“, გააცნო.
საუბარი ასევე სამომავლო სტაჟირებისა და სხვადასხვა პროექტებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას შეეხო, რამაც სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
გიორგი გაბედავას როგორც საერთშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, გიორგი გაბედავა იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, მანამდე კი ამავე სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტრამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
გიორგი გაბედავას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კუთხით, კონფლიქტოლოგიის, მედიაციის, სახალხო დიპლომატიის, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.
2015 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, იგი აქტიურად იყო ჩართული სამშვიდობო პროგრამებსა და ინიციატივებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამასთანავე გიორგი გაბედავა აქტიურად მონაწილეობდა აფხაზ ახალგაზრდებთან გამართულ სამშვიდობო დიალოგებში.
გიორგი გაბედავა პროფესიით იურისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. მან 2014 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი, სიენას უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხური, გლობალური მმართველობისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით.
მშობლიური ენის გარდა, გიორგი გაბედავა ფლობს ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ონლაინ პანელური დისკუსია ,,საკუთრების უფლება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე'' გაიმართა.
ვებინარი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. ონლაინ შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯფომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდნენ.
თემის მთავარმა მომხსენებელმა საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა და პროფესორმა ვაიოს კოუტრულისმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების და დაბრუნების უფლების ზოგად საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოზე ისაუბრა, ხოლო საერთაშორისო სამართლის მკვლევარმა მარიამ ბეჟანიშვილმა საკუთრების უფლების ჭრილში, უშუალოდ აფხაზეთში არსებული სიტუაცია მიმოიხილა.
საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ დისკუსია ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.
დისკუსიას მოდერირებას ფულბრაითის უნივერსიტეტის მკვლევარი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საბა ფიფია უწევდა.
შეხვედრა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის პატრონაჟის ქვეშ მყოფი მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა და მათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.
"გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფონდის საქმიანობის ხელშეწყობაში. ეს არის კავკასიაში პირველი მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს უანგაროდ ეხმარებიან". - განაცხადა ნანა გაბელიამ.
ცენტრი რეგიონებიდან ჩამოსულ, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს სრულ რეაბილიტაციას უსასყიდლოდ უწევს, რომელთა შორის აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ბავშვებიც არიან.
აღნიშნული ღინისძიება ,,მშვიდობის ლაბორატორიის“ პროგრამის ფარგლებში ბერი ანდრიას ფონდთან პარტნიორობით განხორციელდა.