სიახლეები

მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების სისტემაში ინფრასტრუქტურისა და განათლების ხარისხის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
 
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნის მნიშვნელობას. კომისია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონცეფციას, რომლის საფუძველზე შექმნილ სტრატეგიას დაეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2028 წლისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტებში როგორც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, ასევე სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება.
 
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს ათვისებული ყველა რესურსი, რათა 4 წელიწადში თვისებრივად განახლებული სისტემა ჩამოყალიბდეს და ქართველმა სტუდენტმა საქართველოში ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება შეძლოს.
2025-03-12
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომის დაწყებამდე, მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ახალ მინისტრს ბექა ღვაჩლიანს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ლევან მგალობლიშვილმა ასევე, მთავრობის წევრებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ახალი უფროსი დავით მორგოშია წარუდგინა და აღნიშნა, რომ განხორციელებული ცვლილება აპარატის სტრუქტურულ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასში შემავალი სამინისტროების სტრუქტურული გაძლიერებისა და საქმიანობის სამომავლო გეგმებზე.

2025-03-12
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ახალი მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
 
ბექა ღვაჩლიანს განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. მას საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში მინისტრის მრჩევლის და შემდეგ პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა.
 
2013-2014 წლებში ის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიაში იურისტად მუშაობდა. 2014-2018 წლებში იყო „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2018-2024 წლებში იყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის გამგებელი. 2024-2025 წლებში იკავებდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩევლის პოზიციას, ხოლო 2025 წლის თებერვალში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
 
ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით მორგოშია შეცვალა.
2025-03-11
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნა, განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე კი ბექა ღვაჩლიანი წარადგინა.

„აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია მთავრობის აპარატის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ბექა ღვაჩლიანი. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად.

დავით მორგოშიამ მოკლე პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ურთიერთობა გააღრმავა პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. მთავრობის აპარატიდან ის კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რომ ამ და სხვა სამინისტროების მიმართულებებით გააძლიეროს მუშაობა და მინდა წარმატება ვუსურვო მას ამ მეტად მნიშვნელოვან პოზიციაზე", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ბექა ღვაჩლიანმა, მთავრობის თავმჯდომარეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე  ისაუბრა.

„დიდი პატივია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტის დაკავება. ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას და პირველ რიგში, მადლობას ვუხდი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ლევან მგალობლიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის.

ჩვენი პრიორიტეტი იქნება დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პედაგოგებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა ასევე დროებით დევნილი ახალგაზრდების - მათი განათლების, კულტურული თვითგამოხატვისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“, - განაცხადა ბექა ღვაჩლიანმა.

მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ახლად დანიშნულ მინისტრსა და მთავრობის აპარატის ახალ უფროსს და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

2025-03-11
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მრავალშვილიანი დედები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, მრავალშვილიანი დედების მხარდასაჭერად, ღონისძიება „ქალი XXI საუკუნეში“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ანი კიტიასთან და აფხაზეთის განათლებისა და კუტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მრავალშვილიანი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვა.

მთავრობის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას, საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ძლიერი, წარმატებული მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩემთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი ის გამოწვევები, რაც დღეს მრავალშვილიან ოჯახებშია, რადგან მე თავად მრავალშვილიანი მამა ვარ.

უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო მრავალშვილიანი ოჯახების, განსაკუთრებით კი დედების მიმართ. მათ ხელშია ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება. მრავალშვილიან ოჯახებში გაზრდილი ბავშვები ხშირად მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან.

განათლება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აშენდეს ჩვენი ძლიერი სახელმწიფო, ხოლო განათლებული თაობა არის ჩვენი იმედი იმისა, რომ უახლოეს პერიოდში, მოძმე აფხაზებთან ერთად, აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - აღნიშნა ლევან მგალობლიშვილმა.

2025-03-11
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი - ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად

საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, გენო ადამიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთა შორის იყო საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალ-მაიორი გენო ადამია.

გენო ადამია იყო პიროვნება, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე განაგრძობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის გმირობისა და პატრიოტიზმის შეუფასებელ მაგალითად იქცა.

ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

გმირთა მოედანზე თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა, მამა ლევან ჯანაშიამ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და გენო ადამიას ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

გენერალ-მაიორი გენო ადამია საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, მან უარი თქვა დანებებაზე და მცირე ძალებით განაგრძობდა სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის ბრძოლას. 28 სექტემბერს ის კელასურის ხიდთან ბრძოლაში დაიღუპა.

გენო ადამიას ცხედარი 1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა თბილისში გადმოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

2020 წელს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

2025-03-08