სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაარსებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მიმართეს.
105 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში ჩამოვიდნენ ევროკავშირის, კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა სპეციალურად ამ დღისთვის საქსტატის მიერ მომზადებული რამდენიმე ვიდეორგოლი იხილეს. მათ შორის, სტატისტიკის 105 წლიანი ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, სადაც ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი იყო სამსახურის დაარსებისა და მისი განვითარების ისტორია.
105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საპატიო სიგელი გადასცა საქსტატის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, რომლებიც სტატისტიკის სისტემაში უკვე 55 წელია მუშაობენ.
აღმასრულებელმა დირექტორმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყველა ყოფილი ხელმძღვანელი საქსტატის საიუბილეო მონეტით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა სტატისტიკის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და საქსტატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.