სოხუმის თეატრში ცნობილ გერმანელ მსახიობთან და რეჟისორთან მარტინ ვუტკესთან  შეხვედრა გაიმართა 

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილ გერმანელ მსახიობთან და რეჟისორთან მარტინ ვუტკესთან (Martin Wuttke) შეხვედრა გაიმართა. 

მარტინ ვუტკე ამჟამად ბერლინის ფოლკსბიუნეს (Volksbühne) რეჟისორი, მსახიობი და სამხატვრო საბჭოს წევრია. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ჰაინერ მიულერი, ფრანკ კასტორფი, ფოლკერ შლიონდორფი, კვენტინ ტარანტინო. შეხვედრაზე უჩვენეს ვიდეო-ნაწყვეტები მისი სპექტაკლებიდან და ფილმებიდან.

გერმანულენოვანი სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა საქართველოში სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით საყვარელიძის მოწვევითა და სამომავლო გეგმებით ჩამოვიდა.

2023 წლის სეზონისთვის რეჟისორი მარტინ ვუტკე სოხუმის თეატრში იოზეფ როთის რომანის „Die Flucht ohne Ende” მიხედვით სპექტაკლს დადგამს. რომანის ინტერპრეტაციის ავტორი რეჟისორთან ერთად იქნება მთარგმნელი, რეჟისორი და დრამატურგი გიორგი ჯამბურია.