საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ამჯერად წყალტუბოში გაიმართა

დავით ფაცაცია თავის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერ - გენადი ბალანჩივაძესთან, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე - თეიმურაზ ჭეიშვილთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გრიგოლ ყურაშვილთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია წყალტუბოს დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობის შესახებ და ერთობლივად იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე.

გრძელდება დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის მიზანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა.