2022-11-28 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
კონფლიქტის თემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის კონფლიქტის თემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, დევნილთა წინაშე არსებულ საჭიროებებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
„დევნილთა პრობლემების მოგვარების, ნდობის მშენებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა პროგრამებს. სამოქალაქო სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შევთანხმდით კონკრეტულ ქმედებებზე და პერიოდულად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“-განაცხადა ნანა გაბელიამ.
ღონისძიება „სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ პროგრამის ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის წევრები, მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და მოწვეული სპიკერები მონაწილეობდნენ.