დავით ფაცაცია ბათუმში, საგანმანათლებლო წრეებში ჩართულ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

ბათუმში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეები ფუნქციონირებს.

საგანმანათლებლო წრეებში ქ. ბათუმში მცხოვრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული 6-დან 18 წლამდე 25 ახალგაზრდა არის ჩართული, რომელთა შერჩევაც ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.

პროექტი რომლის ფარგლებში, ბათუმში საგანმანათლებლო წრეები ფუნქციონირებს სსიპ-აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამის - „დევნილთა მომსახურების ცენტრების“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია დევნილი ახალგაზრდების პროფესიული გადამზადება, მათი ჩართვა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენასა და ინტერესის სფეროებში დახელოვნებას.

პროექტის მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი – დავით ფაცაცია, თავის პირველი მოადგილე – გურამ მისაბიშვილთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ილია ვერძაძესთან, სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორ – სალომე დოლიძესთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე, დავით ფაცაციამ დევნილ ახალგაზრდებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.