დავით ფაცაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-თეატრალური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთი“ საგალობლით გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ღვაწლზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა - დავით ფაცაციამ და წალკელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ღვაწლის შესახებ ფილმის ჩვენება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეთნიკურად აფხაზმა მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი - „სამოთხის ბილეთი“.

ღონისძიებას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი - გიორგი ზვიადაძე, სასულიერო პირები, საქართველოს საპატრიარქოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.