რუხში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და იურიდული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სიმონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გახსნეს.
საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის მიზანია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.
აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს სამართლებრივი დოკუმენტების (საჩივარი, სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი და სხვ.) შედგენას და საადვოკატო მომსახურებას, მათ შორის კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარო პირებისთვის უფასოდ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების ბენეფიციარების ხელმისაწვდომობას კონკრეტულ სერვისებზე.
ნებისმიერ სამართლებრივ თემაზე უფასო კონსულტაცია შესაძლებელი იქნება, როგორც ადგილზე მისვლისას, ასევე დისტანციურ რეჟიმში.
იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო ცენტრის სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაში, გარდა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებისა, ზუგდიდში მოქმედი, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ თემით დაინტერესებული, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.