2023-03-30 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
ნანა გაბელია რომში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა წმინდა საყდართან (ვატიკანი) ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა გახსნეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების ძიების პროცესებში დევნილი ემიგრანტების ჩართულობისა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მათი როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ნანა გაბელიამ დევნილ ემიგრანტებს სპეციალურად ქართული დიასპორებისთვის შექმნილი საკომუნიკაციო ონლაინ პლატფორმა წარუდგინა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ემიგრაციაში მცხოვრები საზოგადო მოღვაწის გიორგი აფხაზის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ანიმაციის ჩვენება გაიმართა.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა პროგრამის „დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, მინისტრის აპარატის ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა მონაწილეობდა.