აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ სააღდგომო ნობათები დაარიგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ჩართულობით აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები, სამახსოვრო საჩუქრები და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთიდან დევნილ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახებს ესტუმრნენ, სააღდგომო ნობათები, სამახსოვრო საჩუქრები და კომპიუტერული ტექნიკა პირადად გადასცეს.

სააღდგომო ნობათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად რიგდება და სხვადასხვა სახეობის სასურსათო პროდუქტი გადაეცემა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღების გამოჩენა აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ და ბედნიერი ვარ, რომ მცირედით შევძელით მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა.

თითოეული მათგანი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენს სახლ-კარში დაბრუნებასა და ყოველი ახალი დღესასწაულის ერთიან საქართველოში აღნიშვნას!“ - დავით ფაცაცია