დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად ხვდება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს, რომლის მიზანია მათი და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად, ამჯერად, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტები გააცნო.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.

შეხვედრას სამგორის რაიონის გამგეობისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.