დავით ფაცაციამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, კონსტანტინე ყარამანიშვილს სახლში ესტუმრა ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცა და დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა.

დავით ფაცაციამ 100 წელს მიღწეულ აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანს ფაშიზმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლისთვის, თავისუფლების სიყვარულისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი საკუთარი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და უსურვა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დიდხანს სიცოცხლე ერთიან საქართველოში.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში - ჩვენ დავკარგეთ ასეულ ათასობით თანამემამულე, რომლებიც სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ.

ქედს ვიხრი ყველა იმ ქართველის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი შესწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო ცოცხალ გმირებს - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დიდი პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ერთიან საქართველოში.

თითოეული ჩვენგანი ვალშია მათ წინაშე, სწორედ მათი თავგანწირვისა და შეუპოვრობის დამსახურებით მოიპოვა მსოფლიომ სტაბილურობა და მშვიდობა. ამიტომ, განსაკუთრებით ვზრუნავთ მათზე და ვცდილობთ საქმით გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება.

აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, კონსტანტინე ყარამანიშვილს სახლში ვესტუმრე და ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მივულოცე.

ამ დიდ სამამულო ომში კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - თავისუფლებისათვის ბრძოლაში პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი ძალიან დიდია. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენს გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ თქვენი გამბედაობისა და გმირობის წინაშე.“ - დავით ფაცაცია.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ორესტი ბერულავას სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს - 300 ლარი გადაურიცხა.