აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები პროექტის „აფხაზეთი საქართველოა“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პროექტის „აფხაზეთი საქართველოა“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ, რომლის ფარგლებშიც დაიდგა სპექტაკლი აფხაზეთის თემატიკაზე, ასევე წარმოდგენილ იქნა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.

პროექტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ვოი-ახალგაზრდების ხმის" ერთობლივი ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით განხორციელდა.

თბილისში მდებარე 50-მდე საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის მიმართულ კამპანიაში, ასევე, გაეღრმავებინათ ცოდნა მიმდინარე პროცესების შესახებ.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო კონკურსი, მონაწილეებმა არაერთი საჩვენებელი ღონისძიება მოაწყვეს და კონკურსის გამარჯვებული სკოლის მოსწავლეებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი ორგანიზებით მოეწყობა ტაო-კლარჯეთის ტური.

 

„ვეცადე, რომ პროექტის ფარგლებში გამართული ღონისძიებების უმეტესობას დავსწრებოდი და თამამად შეიძლება ითქვას არცერთი დადგმა არ მინახია ემოციების გარეშე - ეს იყო საოცარი სითბო, სიყვარული ერთმანეთისა და აფხაზეთის მიმართ. მიხარია მოსწავლეების მონდომება, განწყობა, სწორედ ეს ახალგაზრდები გვაძლევენ იმედს, რომ ჩვენ ვერავინ მოგვერევა.

წარმატებებს ვუსურვებ პროექტის ყველა მონაწილეს და მჯერა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა თაობაა, ის ძლიერი ძალა, რომელიც დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში.“ - დავით ფაცაცია.