აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

კოპიტნარსა და ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ჩართულობით კოპიტნარსა და ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 200-ზე მეტმა პირმა მიიღო.